შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთიდან საქართველომ 100-მდე ადამიანი არ შემოუშვა ქვეყანაში.
შეკითხვაზე, რატომ ეთქვა უარი „დოჟდის“ ჟურნალისტს საქართველოში შემოშვებაზე, განაცხადა, რომ მისთვის კონკრეტული მიზეზი უცნობია და, სავარაუდოდ, მან სტანდარტული პროცედურიდან „რაღაც ვერ დააკმაყოფილა“.
„100-ზე მეტი ადამიანი არ შემოვუშვით. ეს არის ჩვეულებრივი, გაწერილი წესი, რომელსაც მესაზღვრე წყვეტს და იღებს გადაწყვეტილებას, შემოუშვას თუ არ შემოუშვას. სტანდარტულად ხდება არშემოშვება ადამიანის. არის კრიტერიუმების სტანდარტი – სად მიდის, ვისთან მიდის, აქვს თუ არა ბილეთი აღებული. ბევრი რაღაც არის ჩამოწერილი, რაღაც ვერ დააკმაყოფილა, ალბათ. არის შემთხვევები, როცა აგრესიას გამოხატავს და ესეც არის ხოლმე მიზეზი.“ – განაცხადა გომელაური.
დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, უარის მიზეზი არავის აუხსნია, მაგრამ სხვადასხვა წყაროსგან გაიგო, რომ მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობა იყო.
წყარო: publika