ხერსონის აეროპორტთან, უკრაინულმა სამხედროებმა გაანადგურა რუსი ოკუპანტების სამხედრო ვერტმფრენები, _ ინფორმაციას CNN ავრცელებს და Planet Labs-ის ახალ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, უკრაინელებმა სულ მცირე 3 რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს. Planet Labs სურათებზე ჩანს დიდი შავი კვამლი აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ვერტმფრენი იწვის. ხანძარი აეროპორტთან ახლოს განლაგებულ სამხედრო მანქანებზეც გავრცელდა.
ვერტმფრენების გარდა, აეროპორტში მოწინააღმდეგის სამხედრო მანქანებიც დაიწვა.
CNN-ის ცნობით, ეს ოპერაცია უკრაინელმა სამხედროებმა 15 მარტს ჩაატარეს. გამოცემა მას უწოდებს რუსების თვითმფრინავებზე უკრაინის საჰაერო ძალების ყველაზე ძლიერ თავდასხმას, რომლის შესახებაც ამ დრომდეა ცნობილი.
NASA-ს სახანძრო ინფორმაციის რესურსების მართვის სისტემამ (FIRMS), რომელიც მთელ მსოფლიოში დიდ ხანძრებს აკონტროლებს, ოკუპირებულ აეროპორტზე უკრაინის საჰაერო ძალების წარმატებული შეტევა დაადასტურა.
ცნობისთვის, ორშაბათს, Maxar Technologies-ის სატელიტურმა სურათებმა აჩვენა რამდენიმე რუსული სამხედრო შვეულმფრენი ხერსონის საერთაშორისო აეროპორტთან. მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით სამხედრო მანქანაც ჩანდა.
Unian-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ამ დრომდე ოკუპანტების 77 თვითმფრინავი და 90 ვერტმფრენი გაანადგურეს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
ავტორი: მერაბ ცაავა