გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ცნობილმა ბალერინამ ოლგა სმირნოვამ რუსეთის დიდი თეატრი დატოვა, საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა და კარიერას ამ ქვეყნის ეროვნული ბალეტის თეატრში გააგრძელებს.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რუსეთის გამო თუ შემრცხვებოდა. ყოველთვის მეამაყებოდა ნიჭიერი რუსი ხალხი, ჩვენი კულტურა და სპორტული მიღწევები. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა მკაფიო ზღვარი გაევლო წინანდელ და შემდგომ შექმნილ სიტუაციებს შორის.
მტკივნეული ამბავია, რომ ხალხი იხოცება. ისიც, რომ ადამიანებს თავზემოთ ჭერი ეცლებათ ან საკუთარი სახლების დატოვება უწევთ. რამდენიმე კვირის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა? შეიძლება ჩვენ ამ სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში არ ვართ, თუმცა, არ შეიძლება, გულგრილი დავრჩეთ, სანამ გლობალური კატასტროფა ხდება“ – განაცხადა ოლგა სმირნოვამ.
საინტერესოა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის დიდი ბალეტი კიდევ ორმა საერთაშორისო შემსრულებელმაც დატოვა. მათ მიზეზად რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები დაასახელეს.
ოლგა სმირნოვა რუსეთის დიდ თეატრს 2011 წელს შეუერთდა და წამყვანი როლები მოირგო „გედების ტბაში“, „ჟიზელსა“ და სხვა წარმოდგენებში.