,,აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია რუსეთში“ – ამის შესახებ განაცხადა ისრაელში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუშინდელ გამოსვლაზე კომენტირებისას.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა, თეთრმა სახლმა, გუშინ საკმაოდ მარტივად განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალა, დაიწყოს ომი ან მიმართოს აგრესიას უკრაინის და ვინმე სხვის წინააღმდეგ.
როგორც მოგეხსენებათ და როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან, ამ შემთხვევაში, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ხალხის გადასაწყვეტია. შესაბამისი ქვეყნის, რუსი ხალხის“ – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ლიდერმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “ვერ დარჩება ხელისუფლებაში”. ამ განცხადებამ კი, მაშინვე გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია.
“ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი. რუსები ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს” – უპასუხა ბაიდენს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Reuters-თან საუბრისას.
მოგვიანებით კი, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენს არ მოუწოდებია რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ, არამედ მხოლოდ მოითხოვა, რომ პუტინს ჩამოერთვას შესაძლებლობა, რათა ვერ გააფართოვოს თავისი ძალაუფლება მის საზღვრებს გარეთ.