ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ცენტრიდან არც ისე შორს, სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე, ლამპიონები დღითა და ღამით, მუდამ ანთებულია.
_ უქრობი ლამპიონებია, ორიოდე კი გადამწვარა. სასწაულია, დანარჩენი როგორ გადარჩა. რაც დადგეს, ალბათ, მას შემდეგ არც გამორთულა, _ ხუმრობენ ადგილობრივები.
თუმცა, არც ისეა საქმე, ვინმეს კითხვა არ გასჩენოდა აქამდე, რატომ არ აქრობენ არასდროს ამ ლამპიონებს და ვის უწევს ამ ენერგიის საფასურის გადახდა.
სოფლის ხელმძღვანელობა ყოველ წელს ამბობს, რომ გამომრთველი გაფუჭებულია. ვინ გააკეთებს, ან ვისი ჯიბიდან ხდება უყაირათოდ და გულგრილობით დაკარგული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ფილიალის მენეჯერი გია ნაკაიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ამ ენერგიის საფასურს მუნიციპალიტეტის მერია იხდის. თავად უკეთებენ მომსახურებას. არ ვიცი, ანთებული რატომ არის მუდმივად. ეტყობა, სპეციალური გამომრთველი რელე არის გაფუჭებული და თავადვე უნდა გააკეთონ,_ გვითხრა მან.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს _ ადამიანები, რომლებიც „უქრობ ლამპიონებზე“ ხუმრობენ, სწორედ მათი ნახევრად ცარიელი ჯიბიდან ხდება, ამ უმიზნოდ და უსაზღვრო გულგრილობით დაკარგული შუქის საფასური.