დასავლეთ უკრაინაში, კიევის შემდგომ ოკუპანტებმა იერიში ქალაქ ლვოვზეც მიიტანეს – ინფორმაცის BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, ასევე დასავლეთ ქალაქ ლვოვში. უცნობია, რა ადგილებზე მოხდა თავდასხმა და არის თუ არა მსხვერპლი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ბრძოლა გაგრძელდა. გენშტაბის ინფორმაციით შეტევები განხორციელდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე, ასევე რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
Telegram-ზე გუბერნატორმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი დროით 05:46-დან 07:02 საათამდე.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა, მაგრამ არ აქვს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დარტყმა მოხდა და იყო თუ არა მსხვერპლი.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მისივე თქმით, სევეროდონეცკში ამჟამად არც წყალია და არც გაზი.
მასთან, Telegram არხში ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, დარნიცკის რაიონში, ქალაქის გარეუბანში. მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა უცნობია და ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები.
“მეგობრებო! დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას: გთხოვთ საჰაერო განგაშის ხმა უყურადღებოდ არ დატოვოთ. ხოლო კიევის მოქალაქეები, რომლებიც ადრე წავიდნენ და დედაქალაქში აპირებენ დაბრუნებას, გთხოვ, თავი შეიკავეთ და უსაფრთხო ადგილას დარჩით!”_ წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე.
რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევში ჯავშანტექნიკის ქარხნის საწარმო შენობები და ნიკოლაევში სამხედრო სარემონტო ობიექტები გაანადგურეს. ინფორმაციას Interfax რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.