ოზურგეთში, წინასააღდგომო ბაზრობაზე, არათუ ყველისა და კვერცხის ფასი გაიზარდა , ბოსტნეულმაც, განსაკუთრებით კი პრასმა „დაიფასა თავი“.
ერთი კილოგრამი , ძირებიანად ამოღებული, გასუფთავებული პრასი სამი ლარი ღირს და ის ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასს გაუტოლდა.
პრასის და სიმინდის ფქვილის ფასის თანხვედრამ, ოზურგეთელი მომხმარებელი თან გააკვირვა, თან გააღიზიანა და ხუმრობის ხასიათზეც მოიყვანა.
_რა ამბავია, ქალბატონო, ერთი კილოგრამი პრასი 3 ლარად? ამ დილით ერთი კილოგრამი მჭადის ფქვილიც სამ ლარად ვიყიდე. ვატყობ, დადგა გასაჭირი. აწი ერთმანეთს პრასი და ცივი მჭადი არ უნდა მივატანოთ… ცალ-ცალკე შევჭამთ…ეკონომიაა _ უთხრა თაყაიშვილის ქუჩაზე გამყიდველ ქალბატონს ერთ-ერთმა მომხმარებელმა მამაკაცმა.
_ რაა ძვირი? სამი ლარი მარტო იმიტომ ღირს პრასი, ერთი წელი რომ უნდა ელოდო ამის შემოსვლას, თუ არ გინდა, მოუსვი აქიდან... _ გაწიწმატდა გამყიდველი ქალბატონი, რომელმაც მჭიდროდ დალაგებული პრასის გროვები სასწრაფოდ დანამა სახელდახელოდ მომარჯვებული ერთჯერადი სარწყავი ბოთლით.
ავტორი