ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამაფრთხილებელი სირენები გაისმა სამხრეთ ისრაელში ორშაბათს ღამით, მას შემდეგ, რაც რაკეტა ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის მიერ კონტროლირებად ანკლავიდან გაისროლეს. ჭურვი თელ-ავივის მახლობლად ზღვაში ჩავარდა.
„ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე ერთი რაკეტა გაისროლეს. რაკეტა ჩაჭრა საჰაერო თავდაცვის სისტემამ“, – ნათქვამია ისრაელის სამხედროების განცხადებაში.
რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ საპასუხოდ დაარტყეს ჰამასის იარაღის მწარმოებელ ობიექტს.
ჰამასი ამტკიცებდა, რომ გამოიყენა თავისი “საზენიტო თავდაცვა” საჰაერო თავდასხმების დასაძლევად, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ანკლავის არცერთ ფრაქციას არ აუღია პასუხისმგებლობა სარაკეტო დარტყმაზე. ისრაელი ჰამასს აკისრებს პასუხისმგებლობას ისრაელიდან ყველა სარაკეტო გასროლაზე და ჩვეულებრივ ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს საპასუხოდ.
ინციდენტი მოჰყვა შაბათ-კვირას ისრაელ-პალესტინის ძალადობას იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც 170-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად პალესტინელი დემონსტრანტები, დაიჭრნენ.
დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ სამშაბათს უნდა გამართოს სხდომა ძალადობის ზრდის განსახილველად. მსგავსმა ძალადობამ იერუსალიმში გასულ წელს, დაახლოებით ამავე დროს, გამოიწვია ჰამასის განმეორებითი სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით, რაც გადაიზარდა 11-დღიან ომში.
დაძაბულობის ზრდა ემთხვევა მუსლიმთა წმინდა თვე რამადანს და ებრაულ პასექის დღესასწაულს.