21-ე საუკუნეში ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. მათ შორის ერთ-ერთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლებაა. თუმცა, ამაღლების თემის მცხოვრებლების პრობლემას მხოლოდ უწყლობა არ წარმოადგენს. სოფელში არ არის მაღაზია. პურის შესაძენადაც კი ხალხი სხვა სოფელში დადის. გზაზე კი, რომლის რეაბილიტაციაც, დაახლოებით, ერთი წელია ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარეობს, გადაადგილება მშრალ ამინდში რთულია, წვიმაში კი თითქმის შეუძლებელი.
“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი სოფელ ამაღლებას სტუმრობდა. ჩვენ მიერ უკვე ჩამოთვლილი პრობლემები არის ზუსტად ის, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა პრობლემებზე ღიად საუბრობენ.
ოთარი: “მანქანით გამოვლა რთულია, წვიმაში კი შეუძლებელი. შარშანს მერე გადათხრილია. ხომ შეიძლება ერთ ადგილას გააკეთო და შემდეგ სხვა ადგილზე დაიწყო? ხალხი გამწარებულია.
ადრე სოფელში ყველაფერი იყო _ ჩაის ფაბრიკა, მაღაზიები, ახლა ერთი მაღაზია არაა. ფურნე იყო და ისიც აღარაა. პურის საყიდლად შუა ამაღლებაში უნდა წახვიდე”.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ქალბატონი დალი სოფელში არსებული პრობლემების გარდა, სოფლის დარბაზში არსებული რთული ვითარების შესახებ საუბრობს.
“გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, ტალახში ვიხრჩობით. ერთი დარბაზი გვაქვს და ისიც კეთილმოუწყობელი. არც ცივი წყალი გვაქვს ნორმალურად და არც თბილი. წყალი ზაფხულში სულ დაწყვეტილია. 1 დარბაზი მოგვცეს და სხვა თუ არაფერი, მეთლახი მაინც დაეგოთ. გაზიც არ გვაქვს დარბაზში, ბალონებით მოაქვთ ხალხს და ისე ვამზადებთ კერძებს, როცა რამეს ვიხდით”, _ ამბობს დალი.
“გზას საშველი არ დაადგა, ნორმალური წყალი ჩვენ არ გვაქვს. ზაფხულში განსაკუთრებით გვიჭირს, წყლის დეფიციტია. ვერაფერს გვპირდებიან. სასმელი წყალი მთიდან მოგვაქვს”, _ ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.
მძღოლი, ვისაც სოფელ სამებადან სკოლის მოსწავლეები ამაღლების საჯარო სკოლაში დაჰყავს, ამბობს, რომ გზა საშინელ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით რთული გადაადგილება უამინდობის დროსაა.
“პირველ რიგში გზა, ხიდები _ ეს არის უმთავრესი პრობლემა. ისეთი მდგომარეობაა გზაზე, ერთმანეთს ვექაჩებით. თუ ტრაქტორი დგას, იმ ტრაქტორს ვეხვეწებით, რომ ამოგვიყვანოს. დაიშალა, დაინგრა მანქანები. აკეთებენ, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია დატოვებული, რომ ვერ გაიაროს ადამიანმა. არ ენაღვლებათ გზაზე მიმავალს რა დაგემართება. უკიდურესი მდგომარეობაა გზებზე. სამების სკოლა არის რემონტში და ნაცვლად აქ გადმოგვიყვანეს. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 22-23 ბავშვი დამყავს. რომ ჩაეფლობა მანქანა, რით ამოვიყვანო?! ყველაზე დიდი პრობლემაა უგზობა. გაგიმართლათ, წვიმა რომ არ არის, თორემ აქამდე ვერ მოხვიდოდით”.
სოფელ ამაღლებაში მცხოვრები ერთ-ერთი პენსიონერი ქალბატონი ამბობს, რომ პენსიონერებს ყურადღებას არავინ აქცევს. მის შვილიშვილს 16 წლის შესრულებისთანავე სოციალური დახმარება მოუხსნეს. რთული ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე კი პროდუქტებზე, რომლის მოტანაც სხვა სოფლიდან ან სულაც ჩოხატაურიდან უწევთ, ფასის მატებასთან ერთად მგზავრობის ღირებულებაც გაძვირდა.
“პენსიონერებს მოგვხედონ ცოტა. ჩემს შვილიშვილს სოციალური დახმარების სახით 50 ლარი ეძლეოდა. შეასრულა 16 წელი და მოუხსნეს. 18 წელს რომ შეასრულებს, ვინმე არ დავინახო ჭიშკართან მოსული ჯარში გასაწვევად. 18-წლამდე მაინც ჰქონოდა ის 50 ლარი. რას უზამდა ბაღანას, მაგრამ უხაროდა, რომ იღებდა. პენსიონერებისკენ კი საერთოდ არ იხედებიან. არაფერი არაა ჩვენს სოფელში. ერთი მაღაზია რა გახდა. სტუმარი რომ მოგივიდეს უცებ და არ გქონდეს, პურის საყიდლად შუა ამაღლებაში უნდა გახვიდე. ეგება არ იცდის იქამდე ეს სტუმარი? მაშინ უნდა შემოთვალოს, რომ მოდის. მგზავრობა გაძვირდა. ჩვენთვის ეს 4 ლარიც, რაც წასვლა-წამოსვლას სჭირდება, რაღაცას ნიშნავს და სად გვაქვს? _ გვეუბნება ქალბატონი.
სოფელში მოსმენილი პრობლემების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, ოთარ დოლიძეს ვესაუბრეთ.
_ რა კეთდება ამაღლებაში და როდის უნდა დასრულდეს გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები?
_ კეთდება ასფალტი შუა ამაღლების ცენტრიდან, გაივლის ამაღლებას, არ შევა სამების ცენტრში, გადადის ვან-ზომლეთში და ხიდს უერთდება. გვირაბები შეიცვალა, ამოჰყავთ კედლები, ჯებირები, სადაც მეწყერული საშიშროებაა. გზის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზაზე პრობლემები არის. გზა გაფუჭებულია, სულ ტალახია. ზამთარი იყო ხანგრძლივი და, როგორც შემსრულებლები ამბობენ, ამან გამოიწვია სამუშაოების გახანგრძლივება.
_ რით არის გამოწვეული სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა? როდის და რა გზით არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება?
_ამაღლებაში წყლის პრობლემა გვაქვს. პრობლემა ის არის, რომ ბუნებრივი წყარო არ არსებობს. არის რაღაც მოცულობის წყარო, რომელიც მთის მომიჯნავედ, ქვატკირის უბანში მცხოვრებ 30 ოჯახს ჰყოფნის. არ იფილტრება, თვითდინებით მოდის, დანარჩენს ჭები აქვს. ბუნებრივი წყლის პრობლემაა. მოსაგვარებლად უნდა გაკეთდეს საქაჩი. მაგალითად, კომუნისტების დროს იყო მდინარე სუფსის ტერიტორიაზე წყლის საქაჩი დიდი რეზერვუარი, საიდანაც იქაჩებოდა სოფელში წყალი. ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და, ჯერჯერობით, ამის თანხები არ არის. მომავალი წლისთვის რაღაც გვაქვს გეგმაში.
კითხვაზე, როგორია სასმელი წყლის ხარისხი, რომელიც არ იფილტრება, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მაღაზიას, ოთარ დოლიძე ამბობს, რომ სასურველია, სოფლის ცენტრში მაღაზია იყოს, მაგრამ ამას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გააკეთებს და კერძო პირმა უნდა გახსნას.
“მაღაზია ისეთი თემაა, რაშიც მთავრობა ვერ ერევა. კერძო პიროვნებამ უნდა გააკეთოს. არაერთმა სცადა, მაგრამ ვალების გამო დაიხურა. დღეისთვის, არის რაღაც მონახაზები და თუ გაკეთდება კარგია”,_ გვპასუხობს მერის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დადის სამება-ჩოხატაურის მარშრუტი, მაგრამ დღეში ერთ რეისს აკეთებს. ის, ვისაც სოფელში დაბრუნება ჩოხატაურიდან საღამოს საათებში სჭირდება ბათუმიდან მომავალ მიკროავტობუსს ელოდება.
“სამება-ჩოხატაური დადის, მაგრამ მგზავრები არ ჰყავს. ესაა კერძო „მარშუტკა“. თუ გზის ფული ვერ ამოიღო მძღოლმა, ვერ მიდის. მოსაცდელებში ნომრის გამოკვრა იგეგმება, რომ წასვლის მსურველებმა დაურეკონ. ზოგჯერ ცარიელიც კი დადის სულ, რომ ხაზი არ გაუქმდეს. 1 კაცისთვის რეისის გაკეთება ცოდვაა. 4 ლარი ღირს დიზელი და სამებიდან ჩოხატაურში გასვლა-გამოსვლას 20 ლარის საწვავი მაინც სჭირდება. მძღოლმაც რა უნდა ქნას, თუ საწვავის თანხა მაინც არ ამოიღო, როგორ უნდა დაავალო ადამიანს. დილას გამოდის სამებიდან ჩოხატაურში და ჩოხატაურიდან 1-ზე გადის სამებაში. ყოველ შემთხვევაში, ბათუმი-სამება დადის და საღამოს 6-7-ისკენ არის ჩოხატაურში და ვისაც ამ მონაკვეთში უწევს ტრანსპორტირება დრო განსაზღვრული აქვს და ელოდება ამ რეისს”, _ ამბობს მერის წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, როგორც ამაღლებაში, ისე სამებაში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება.