ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ის ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღონ.
„შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სერიოზული სახით სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად, ამასთან გვაქვს საქმე. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი ნაბიჯები არ არის საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა და შეიძლება, ეს ყველაფერი არ დამთავრდეს წარმატებით. ამიტომ საჭიროა წინასწარ ნიადაგის შემზადება, რომ მერე ხალხმაც და თვითონაც თამამად დააბრალოს ეს ამბავი სხვას. არ ვიცი, რამდენად მოისმინა კრიტიკა ბრიუსელში კონკრეტულად, თუმცა ხელისუფლებაზე კრიტიკულ შენიშვნებს ყველგან მოისმენ, ბრიუსელშიც, თბილისშიც და მესიჯადაც გამოგზავნიან, თუ მაინც და მაინც ვინმემ მოინდომა,“ – განაცხადა ხვიჩიამ.