ასტრონომებმა კიდევ ერთი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის პირობები მაქსიმალურადაა მიახლოებული დედამიწისას. ის დედამიწიდან 22 სინათლის წლის მანძილზე, წითელი ჯუჯების სამმაგ სისტემაში – GJ667 მორიელის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
სპეციალისტები ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეისწავლეს სპექტოგრაფ HARPS-ის 4-წლიანი დაკვირვების შედეგები სისტემის ერთ-ერთ კომპონენტზე – ვარსკვლავ GJ667C-ზე. ის ჩილეში მდებარე ევროპის სამხრეთ ობსერვატორიაშია 3,6-მეტრულ ტელესკოპზე.
სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ ამ სისტემაში შედის, როგორც მინიმუმ, ერთი ეგზოპლანეტა, რომლის ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი 28 დღეს შეადგენს, ხოლო მასა 4,5-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე.
„ეს პლანეტა საუკეთესო კანდიდატია, სადაც შეიძლება, არსებობდეს წყალი თხევადი სახით და სიცოცხლე, როგორც ეს დედამიწაზეა“, – განაცხადა ვაშინგტონის კარნეგის უნივერსიტეტის თანამშრომელმა გილიომ ანგლადა-ესკუდემ.
მკვლევრებმა შეძლეს, მიეღოთ კიდევ რამდენიმე სიგნალი, რომლებიც ამ სისტემაში კიდევ რამდენიმე პლანეტის არსებობას ადასტურებს. მაგალითად, ერთ-ერთის ბრუნვის პერიოდი ვარსკვლავის ირგვლივ, 75 დღეა, მეორის კი, სავარაუდოდ, გაზური გიგანტის – 10 წელი. 2012 წელს ამავე სისტემაში აღმოჩენილი პლანეტის კანდიდატის პერიოდი სულ რაღაც 7,3 დღეა. ამგვარად, პოტენციური პლანეტების რიცხვი ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, ოთხს აღწევს.
ავტორი