მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას სირცხვილი უწოდა.
“სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო და ამას პირდაპირ ვამბობ. 26 მაისს, საზეიმო დღეს, როცა არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ პრეზიდენტს, რომ დავიცვათ მისი ინსტიტუტი. საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ეს ასეა, რომ ამ განცხადებით, მან სცადა სასამართლო სისტემის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი – ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, როცა ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როცა პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს სერიოზული პრობლემაა“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ინფორმაციისთვის, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას” სათანადოდ ვერ აგრძელებს. მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა ქართული სამართლის ძეგლებიდან და თქვა, რომ “ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა”.