რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ,,სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორის რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში წლის ბოლომდე მოიყვანენ. ამის შესახებ РИА Новости წერს.
“ჩატარებულია მძიმე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა სარმატის წარმატებული გამოცდა. იგეგმება, რომ უკვე წლის ბოლოსთვის, პირველი ასეთი კომპლექსი საბრძოლო მზადყოფნაში იყოს”. – თქვა პუტინმა.
სარმატის პირველი გამოცდა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 20 აპრილს ჩაატარეს, რაც წარმატებით დასრულდა.
როგორც გამოცემა წერს, ახალი რაკეტა შექმნილია იმისთვის, რომ შეცვალოს ვოევოდას რაკეტები. უჟურსკის სარაკეტო ფორმირებაში კრასნოიარსკის მხარეში სარაკეტო პოლკი უკვე მზადდება გადაიარაღებისთვის.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს , „სარმატი“ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა სამიზნეების ყველაზე დიდი დიაპაზონით. მას შეუძლია საიმედოდ შეაღწიოს ნებისმიერ არსებულ და პერსპექტიულ სარაკეტო თავდაცვის სისტემაში და მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო ძალა.
20 აპრილს, წარმატებული გამოცდის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ამტკიცებდა, რომ ამ იარაღის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ის “აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს” რუსეთისთვის დამუქრებას. ამას გარდა, პუტინი ამბობდა, რომ დააჩქარებდნენ ამ სისტემებით რუსეთის სარაკეტო ძალების შეიარაღების პროცესს.
რუსეთი სარმატის ტიპის რაკეტების ციმბირში განთავსებას ამ წლის შემოდგომაზე აპირებდა.
სარმატი ბირთვული შესაძლებლობის მქონე კონტინენტთაშორისი რაკეტაა, რომლის მეშვეობითაც ათასობით კილომეტრით დაშორებულ ობიექტებზე იერიშია შესაძლებელი.
ავტორი