ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ უნივერსიტეტის შენობის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილია 40 წლის დაცვის თანამშრომელი.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიევსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლეს განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი”, – წერია განცხადებაში.
წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო.