იაპონელმა მეცნიერებმა დაამუშავეს პროგრამა-თარჯიმანი, რომელსაც შეუძლია, გაშიფროს ახალშობილის ტირილის შემცველი ინფორმაცია. ისინი იმედოვნებენ, რომ მალე ეს სიახლე ჯიბის მოწყობილობის ფორმატით იქნება ხელმისაწვდომი.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ბავშვის ტირილის სხვადასხვა ელფერი, შეიძლება, სხვადასხვა ინფორმაციას შეიცავდეს: შიმშილს, ტკივილს, ან, უხასიათოდ ყოფნას. იაპონელმა სწავლულებმა, მურორანის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის – ტომომასი ნაგასიმას ხელმძღვანელობით, დაამუშავეს მათემატიკური ალგორითმი, რომელიც ბავშვის ტირილის ტემბრში ამოიცნობს იმ მახასიათებელ „ნოტებს“, რომელიც საშუალებას გვაძლეს, გავარკვიოთ, რითაა პატარა მოცემულ მომენტში უკმაყოფილო.
სწავლულთა ჯგუფმა გამოიყენა ანალიზის სტატისტიკური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია პატარების მიერ გამოცემული ამა თუ იმ ხმის ვირტუალური სახეობების ამოცნობაზე. ეს სახეობები აგებულია სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსივობის ბგერების საფუძველზე, რომლებსაც ტირილი შეიცავს. ამ ტიპის ანალიზმა საშუალება მისცა სწავლულებს, მოეხდინათ პატარების ტირილის სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაცია.
„ამის შემდეგ ჩვენ შევძელით, შეგვედარებინა ბავშვის ტირილის ჩაწერილი ბგერების სხვადასხვა სახეობები მათ ემოციურ მდგომარეობასთან, რომლის შესახებაც ინფორმაცია მათი მშობლებისგან მივიღეთ. მომავალში ასეთი მოწყობილობების საშუალებით მშობლებს ყოველთვის ზუსტად ეცოდინებათ, რა სურს მათ პატარას: დასვენება, ჭამა, სველი საფენის გამოცვლა, თუ რამე სტკივა“, – განაცხადა ნაგასიმამ.
ავტორი