საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს:
“საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.
რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად” იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით.
პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში” ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს” საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.
როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.
რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის” უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს” სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც” კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.
2011-12 წლებში „ქართუს” დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.
ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ”,_ ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.