ამერიკის კოსმოსური სააგენტო „ნასა“ ადამიანთა მიერ სხვა პლანეტების კოლონიზაციის შესაძლებლობას სწავლობს. აქცენტი ძირითადად მარსზე კეთდება. ამბიციური პროექტის სახელწოდებაა – „ასწლიანი ვარსკვლავური ხომალდი“.
„ნასას“ კვლევითი ცენტრის დირექტორი პიტ უორდენი აცხადებს, რომ მისმა დაწესებულებამ ამ პროექტისთვის დაახლოებით 1,6 მილიონი დოლარი მიიღო. მკვლევართა ჯგუფისთვის კი, დამატებით 100 ათასი დოლარი გამოიყო.
„ვიმედოვნებთ, ამ პროექტით დავაინტერესოთ რამდენიმე მილიარდერი, რათა შევქმნათ ფონდი“, – თქვა უორდენმა კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში, – „თავდაპირველად, მისიამ მარსის თანამგზავრი უნდა მოინახულოს, საიდანაც სწავლულები, ტელერობოტების საშუალებით, პლანეტის ინტენსიურ კვლევას შეძლებენ.
ადამიანები მარსის თანამგზავრზე მისვლას 2030 წლისთვის შეძლებენ“.
უორდენმა „გუგლის“ დამფუძნებელთან, ლარი პეიჯთან ერთად განიხილა პროექტის ხარჯები. გამოთვლებით, პროექტი შეიძლება 10 მილიარდ დოლარად განხორციელდეს.
მანძილი მარსიდან დედამიწამდე, იმისდა მიხედვით, თუ რა მდებარეობა უკავია მას ორბიტაზე, 55,75 მილიონი კილომეტრიდან 401 მილიონ კილომეტრამდეა. კოსმოსური აპარატი „Phoenix“ მარსისკენ ჯერ კიდევ 2007 წლის აგვისტოში გაიგზავნა. ის პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე 2008 წლის მაისში დაეშვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბირთვული საწვავით რაკეტას ამ მანძილის დაფარვა ოთხ თვეში შეუძლია.
მარსზე წყლის მარაგის აღმოჩენის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე მზის სისტემის სხვა პლანეტებზე. მაგრამ, კლიმატური პირობები იქ ძალზე მკაცრია. ჰაერის ტემპერატურამ პლანეტის ეკვატორზე შუადღისას პლუს 30 გრადუსს შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ შუაღამისას ის მინუს 80 გრადუსამდე ეცემა, პოლუსებთან ახლოს კი – მინუს 123 გრადუსამდე. მარსის ატმოსფერო გაიშვიათებულია და ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის აუცილებელი იქნება ჟანგბადის მარაგი. ამიტომ უორდენი მიიჩნევს, რომ მარსზე ადამიანის გაგზავნამდე მეცნიერებმა აქტიურად უნდა იმუშაონ სინთეტიკურ ბიოლოგიაზე, ასევე ადამიანის გენომის გაუმჯობესებაზე.
ავტორი