ესტონეთი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს ჩაუკეტავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, სანქციები რუსებისთვის 1 კვირაში ამოქმედდება.
როგორც რეინსალუმ განმარტა, ვიზები ძალაში დარჩება, თუმცა მათი მფლობელები ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებენ. მისივე თქმით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს ეხება და გავლენას არ ახდენს შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე.
“ვიზები ძალაში დარჩება, თუმცა ვიზის მფლობელები ესტონეთში შემოსვლისას დაექვემდებარებიან სანქციებს, ანუ მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ”, – განმარტა მინისტრმა.
რეინსალუს თქმით, შეზღუდვები არ შეეხებათ ესტონეთში დაბადებულ ან მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს.
პარალელურად, ესტონეთის მთავრობა მომავალ კვირაში აპირებს განიხილოს ქვეყანაში რუსეთის ყველა მოქალაქისთვის შესვლის აკრძალვის გზები.
ესტონეთის გადაწყვეტილებას Telegram-ში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლაცია და სსრკ-ში დაბრუნება ცივილიზებული დასავლეთის მიზანია.
“რუსეთის იზოლაცია და სსრკ-ში დაბრუნება ცივილიზებული დასავლეთის მიზანია. სახელმწიფო დონეზე უხეშობისა და ტერორის რუსული სტრატეგია უნდა დარჩეს ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციის საზღვრებში და არ გავრცელდეს დემოკრატიულ სამყაროში”, – წერს ის.
შეგახსენებთ, ქვეყნის პრემიერმა, კაია კალასმა 9 აგვისტოს, ევროპას მოუწოდა შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის.
ავტორი