სასამართლომ „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ გენერალური დირექტორის ასისტენტის გათავისუფლება უკანონოდ ცნო ,_ ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
“2022 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კომპანია „ნიუ ვიჟენ დაზღვევის” გენერალური დირექტორის ასისტენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და კომპანიას იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით, გათავისუფლებული პირის მიმართ 8000 ათასს ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა. განცხადებას პირველ ინსტანციაში დასრულებული დავის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 1 აპრილს, კომპანიასა და დასაქმებულს შორის, გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე, დაიდო შრომითი ხელშეკრულება. მხარეებმა, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომით–სამართლებრივი ურთიერთობები, ახალი ხელშეკრულების გარეშე, გააგრძელეს. 2021 წლის 18 დეკემბერს, დასაქმებულმა დაწესებულებიდან მიიღო წერილი, სადაც აღინიშნა, რომ კომპანიაში შეიცვალა დირექტორი, ახალ დირექტორს კი თანამდებობრივი შტატის შენარჩუნება ან დასაქმებულის სხვა პოზიციაზე გადაყვანა არ სურდა. წერილში აღნიშნულის მიზეზად დასახელებული იქნა კომპანიის წინაშე ფინანსური გამოწვევები, რესურსების დაზოგვისა და ოპტიმიზაციის საჭიროებები. ამასთან, პროფესიული საქმიანობის გაგრძელება საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული იმის გამო, რომ დასაქმებული ყოფილ დირექტორთან თითქოსდა პირადი სიახლოვის შედეგად იქნა დასაქმებული. დასახელებულ მიზეზთან ერთად, კომპანიის წერილში საუბარი შეეხო, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების ნეგატიურ უკუკავშირებს ასისტენტთან მიმართებით. კომპანია დასაქმებულს სთავაზობდა, რომ შრომითი ურთიერთობები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დასრულებულიყო.
2021 წლის 23 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ასისტენტი წერილობითი ფორმით არ დაეთანხმა კომპანიის მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტებსა და პრეტენზიებს, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) მიღებული იქნა დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. დგინდება, რომ კომპანიამ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი შეცვალა. თუ სადავო ბრძანების მიღებამდე მუშაკის სამსახურიდან წასვლა მოთხოვნილი იქნა საშტატო პოზიციის გაუქმებით, გათავისუფლების ბრძანებაში მიეთითა დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. არც ერთ ეტაპზე, კომპანიამ მუშაკს არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია საქმიანობის ე.წ. ნეგატიურ უკუკავშირებზე და მხოლოდ სასამართლოში წარმოდგენილი არგუმენტების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ასისტენტის მიმართ პრეტენზია მდგომარეობდა სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთ დაზღვეულ არაქართულენოვან ფერმერთან არასწორი კომუნიკაცია და კომპანიის ერთ–ერთ თანამშრომელთან კონფლიქტის გამომწვევი გარემოს ჩამოყალიბება.
სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა კომპანიის ყოფილი დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი, თანამშრომელი. მთლიანობაში, აღმოჩნდა, რომ სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთ დაზღვეულ ფერმერთან უთანხმოება გამოიწვია შემთხვევამ, როდესაც ფერმერის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი, კოორდინატებით, არ აღმოჩნდა დაზღვეულ ნაკვეთებს შორის. საბოლოოდ, ფერმერი და კომპანიის წარმომადგენლები დაზღვეულ მიწის ნაკვეთზე მივიდნენ და ენის ბარიერის დაძლევის შემდგომაც, ფერმერმა კომპანიის მესვეურებს უმასპინძლა რესტორანში. რაც შეეხება ასისტენტსა და ერთ–ერთ თანამშრომელს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას, გამოიკვეთა, რომ უთანხმოება არსებობდა რეგიონში მივლინების დროს, ყოფითი საკითხების გამო, რაც კომპანიის სადავო პერიოდში მოქმედი გენერალური დირექტორის ჩართულობის შედეგად, მოგვარდა. მთლიანობაში, არც ერთ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია კომპანიის ინტერესების დაცვასთან და არ ქმნიდა ობიექტურ საფუძველს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებისათვის.
კომპანია „ნიუ ვიჟენ დაზღვევის” გენერალური დირექტორის გათავისუფლებულმა ასისტენტმა სარჩელით 2022 წლის 20 იანვარს მომართა სასამართლოს და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა პირვანდელ ან ტოლფასს თანამდებობაზე და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბათილად ცნო გათავსიუფლების ბრძანება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, კომპანიას დააკისრა ერთჯერადი კომპენსაცია და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. რაც შეეხება მუშაკის სამსახურში აღდგენას, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების პირობებში, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის: საქმე განიხილა მოსამართლე: ნანა შამათავამ. კომპანიის გენერალური დირექტორის გათავისუფლებული ასისტენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა, ლიზი ზუხბაიამ განახორციელეს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.