“როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება” აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.
აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე.
კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი – მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა”,_ აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.