ბრიტანელმა პედიატრებმა დაადგინეს: ბავშვი რომ ჯანმრთელი იყოს, დღეში 15-20-ჯერ მაინც უნდა გაიცინოს (საერთო ჯამში არა უმეტეს 10 წუთისა). სიცილი გაცივების, გასტრიტისა და შეკრულობის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
როდესაც პატარა იცინის, მოძრაობს ბევრად მეტი კუნთი, ვიდრე ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს. აქტიურად მომუშავე დიაფრაგმა მასაჟს უკეთებს ფილტვებსა და მუცლის ღრუს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვი ფართოდ გაღებული პირით ხმამაღლა გამოთქვამს ბგერებს: “ჰა–ჰა–ჰა!” სწორედ ამ ვარჯიშს იყენებენ იოგები სუნთქვითი ვარჯიშებისთვის.
პირმოკუმულ სიცილს ან ჩუმ ხითხითს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, პირიქით, სუნთქვა არარიტმულია, ფილტვები არ სუფთავდება და ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას.
პედიატრები გვირჩევენ, არ შთააგონოთ პატარას, რომ ხმამაღალი სიცილი უკულტურობაა. დათრგუნვილი სიცილი, ისე როგორც შეკავებული ცრემლი – არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს “აფეთქდეს” – რაც გამოვლინდება ე.წ. ფსიქოსომატურ დაავადებებში, უპირველეს ყოვლისა, გასტრიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ბრონქიალური ასთმის სახით.
ჯანმრთელი ბავშვი ყოველთვის იღიმის, მხიარული და ხალისიანია. ხოლო ნებისმიერი დაავადების დროს პატარა დაღონებულია, მოშვებული, თვალები ნაღვლიანი აქვს.
ბავშვის ნეიროიმუნოლოგიის (შეისწავლის ნერვულ სისტემაზე ემოციის ზემოქმედებას) ერთ–ერთი ფუძემდებელი, ამერიკელი მეცნიერი ბიტმანი გაცივებულ, ჩუტყვავილით, ყბაყურით და წითელათი დაავადებული ბავშვის მშობლებს ავალებდა, წაეკითხათ პატარებისთვის მხიარული ზღაპრები, ამბები, ეჩვენებინათ სასაცილო მულტფილმები. სიცილის თერაპიამდე და მას შემდეგაც ბიტმანი ატარებდა სისხლის სპეციალურ კვლევას: ანალიზი უმჯობესდებოდა!
ასევე დადებითად მოქმედებდა სიცილის თერაპია კანის ალერგიული (დიათეზი, ჭინჭრის ციება) დაავადებების მქონე ბავშვებზე – კვლევებს ატარებდნენ იაპონელი მეცნიერები, რომლებიც ამ მოვლენას ასე ხსნიან, რომ კანი და ნერვული სისტემა ჩანასახიდანვე ერთდროულად ვითარდება და მათ შორის ეს მჭიდრო კავშირი დაცულია მთელი სიცოცხლის მანძილზე (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში).
შვედეთის ბავშვთა საავადმყოფოებში მკურნალობის კურსში ერთ–ერთი აუცილებელი ფორმაა – სიცილის თერაპია; არა მარტო მშობლები, არამედ მედპერსონალიც ვალდებულია, გაართონ პატარა პაციენტები სასაცილო თოჯინებითა და ატრიბუტებით (აცვიათ კლოუნის ტანსაცმელი).
ბელგიელი მედიკოსები ამტკიცებენ, სიცილის თერაპია უმადო ბავშვებს მადას მატებსო.
პედიატრები, რომლებიც მშობლებს სიცილის თერაპიას შინაც ურჩევენ, მკაცრად აფრთხილებენ, რომ ბავშვები ღიტინით კი არ გააცინონ, არამედ თამაშით, სასაცილო სათამაშოებით, მულტფილმებითა და ცირკში სტუმრობით და ა.შ.
ავტორი