ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული , – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მაღალი ალბათობით “ნოროვირუსი” იყო.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან. სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან. მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე“, – წერს ბუწაშვილი.
































































