პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, სადაც მათ შორის 12 ქართველია და აღნიშნა, რომ ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება, შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის.
მისივე თქმით, ოპოზიციის საუბარი სანქციებზე აბსურდულია.
“სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სანქციებზე განუწყვეტლივ ლაპარაკობს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდათ, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება ჰქონდეთ მათ განცხადებებს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება. ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია, საქართველოს მიეღო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება – ყველაფერი ეს საქართველოში სწორად ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა. შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან, რომლის დამცველიც არის საქართველო. ოპოზიციის საუბარი სანქციებზე არის აბსურდული და სიებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო: იმედი