უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები, ჯერჯერობით შეუძლებელია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის ზელენსკიმ „იალტის ევროპული სტრატეგიის“ რიგით მე-17 ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ სივრცე და შესაძლებლობები შეიცვალა. საზოგადოებას არ სურს ტერორისტებთან საუბარი. თუმცა საუბარი ტერორისტებთანაც კი შეიძლება, რადგან მათ იციან, რა სურთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარის შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ისინი დაპირებებს შეასრულებენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ დატოვოს უკრაინის ტერიტორიები და შეწყვიტოს ტერორისტულად მოქცევა, შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება დიპლომატიაზე საუბარი.
„იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ მათთან დიპლომატიური დერეფანი, მათ უნდა დაგვანახონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან, დააბრუნონ უცხო მიწა. მაშინ ჩვენ შეგვეძლება, ვისაუბროთ სულ მცირე რაღაც დერეფნებზე, რომლებიც ხსნიან გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.