რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის CNN-თან ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვის მთავარი მოთხოვნა – კიევის სრული კაპიტულაცია, უცვლელია.
,,ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.
ახლანდელი “ულტიმატუმები” – ბავშვების ვარჯიშია მომავლის მოთხოვნებისთვის. და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, – წერს Telegram-ზე მედვედევი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას ვერ ხედავს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოლაპარაკების პროცესის განახლებას გამორიცხავს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას. რაც შეეხება წამოყენებულ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ დგას მათ უკან, იქნება ეს პუტინი თუ ვინმე სხვა, ჩემი პრინციპი ასეთია: არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ რუსეთის ოკუპაციის სტრატეგია კანიბალიზმს შეადარა და თქვა, რომ უკრაინა კრემლის წესებით თამაშს არ აპირებს.
“ისინი კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, შემდეგ მოლაპარაკებებს, ამით დროს იგებენ, რათა გაძლიერდნენ და მოემზადონ საბრძოლველად, ამის შემდეგ ისევ წინ მიიწევენ. ეს კრემლის სტრატეგიაა, თანმიმდევრული, ძალიან ნელი ვახშამი, რასაც რუსულ კანიბალიზმს ვუწოდებდი. მე ეს არ მომწონს, მათი წესებით თამაშს არ ვაპირებ“. – თქვა ზელენსკიმ.