,,არ გვჭირდება კონფლიქტის გაყინვა, ან რაიმე შეთანხმება და მოლაპარაკება, რათა მათ დრო მიეცეთ, გაძლიერდნენ და შემდეგ ისევ დაიწყონ თავდასხმები.“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული სამხედროების კონტრშეტევებზე CNN-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის საბოლოო მიზანი ქვეყნის სრული დეოკუპაციაა და აღნიშნა, რომ უკრაინა არ გაჩერდება ბრძოლას გააგრძელებს.
,,ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი ტერიტორიების სრული დეოკუპაციაა. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება 2014 წელს დაწყებული ოკუპაცია გააგრძელოს. არ გვჭირდება კონფლიქტის გაყინვა, ან რაიმე შეთანხმება და მოლაპარაკება, რათა მათ დრო მიეცეთ, გაძლიერდნენ და შემდეგ ისევ დაიწყონ თავდასხმები. ეს არის რუსეთის სტრატეგია. ნელ–ნელა და ჩუმად გჭამენ. მე ამას რუსულ კანიბალიზმს ვუწოდებ. ამ თამაშში მონაწილეობა არ მინდა, რადგან ეს არ მომწონს. მე ვერ მოგიყვებით ჩვენს გეგმებზე დეტალებს, თუმცა თქვენ გამიგებთ რასაც ვამბობ. ჩვენ ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიმოძრავებთ ნელა, მაგრამ ეფექტურად.” – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.