საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს 8 რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო.
„აღნიშნული ტიპის კამპანიები საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც დავინახეთ იმის მნიშვნელობა თუ რამდენად საჭიროა ადამიანების მუდმივი ინფორმირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. “ – ამბობს პროექტის მენეჯერი თამთა ხუციშვილი.
პროექტის ფარგლებში 45 სოფლიდან შეირჩნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩები,
რომლებმაც ტრენინგებსა და ვორკშოპებში მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც: საზოგადოებრივ ჯანდაცვას, იმუნიზაციას, ვაქცინაციას. მედია წიგნიერებასა და ეფექტურ კომუნიკაციას შეეხებოდა.
მასშტაბურმა საკომუნიკაციო კამპანიამ სატრენინგო სივრციდან რეგიონებში გადაინაცვლა და უკვე 10-მდე სოფელი მოიცვა.
შემდეგი 3 თვის განმავლობაში (სექტემბერი -ნოემბერი) 40-ზე მეტ სოფელში საინფორმაციო კამპანის ფარგლებში შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ხუთი რეგიონის – კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან.
პროექტის სამიზნე სოფლებში ჩატარდება შეხვედრები კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მხრიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩების დახმარებით.
„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციის იმ საკითხების შესახებ რაც მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რათა სამედიცინო და სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად დაახლოვდეს ერთმანეთთან.” – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორი.
პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“აღნიშნული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია რათა უფრო მეტი ადამიანის ჯანმთელობა და სიცოცხლე დავიცვათ ამ ვირუსისაგან ქვეყანასა და რეგიონში, ბევრს ჰგონია და ჩვენც გვინდა რომ პანდემია დასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები იზრდება. ვაგრძელებთ გაეროს ასოციაციის მხარდაჭერას მათ მცდელობას, რომ მიეწოდოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის შესახებ.” – ანნა ბორშევსკა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
შეხვედრები იმართება სოფლის თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებში, შესაბამისად შეხვედრაზე დასწრება, დისკუსიებში მონაწილეობა და საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიღება მარტივად ხელმისაწვდომი იქნება სოფლის მოსახლეობისათვის.
(R)