არ იცით, რაში დახარჯოთ ფული? ცოტას დაგეხმარებით, თუკი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად არ იცით, სად წაიღოთ ის. დავიწყოთ ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტით: ერთი ამერიკელი მხატვარი ფულს იმით შოულობს, რომ გაბერილი საჰაერო ბუშტებისგან სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებას ქმნის. როგორ ფიქრობთ, რამდენის შოვნა შეიძლება ამ საქმიანობით? ნამდვილად ვერ გამოიცნობთ. 2013 წლის ნოემბერში მხატვარმა ჯოზეფ კუნსმა ფორთოხლისფერი გაბერილი ყვავილი 58,4 მილიონ დოლარად გაყიდა. მართალია, ყვავილი მხოლოდ ჰგავს გაბერილი ბუშტებისგან შექმნილს, სინამდვილეში ის ლითონისაა, ოღონდ ძალიან მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული, თანაც, საკმაოდ მოზრდილი – მომცრო ოთახის ზომის. მაგრამ, როგორი გიჟი უნდა იყო, რომ, თუნდაც ხელოვნების ნიმუშ ყვავილში თითქმის 60 მილიონი გადაიხადო…
ხელოვნების შედევრად არის მიჩნეული პლასტმასისგან დამზადებული ადამის თავის ქალა, რომელიც 8 601 ცალი ბრილიანტის ქვით არის მოჭედილი… შედევრიც, მგონი, ამიტომ არის და ფასიც შესაბამისი აქვს – 100 მილიონი დოლარი.
გარდა თანამედროვე გენიოსებისა და მათი შედევრებისა, ფული წარმატებით შეგიძლიათ დახარჯოთ, მაგალითად, პოლ სეზანის ტილოებში. მისი ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ნამუშევარი, „კარტის მოთამაშეები,“ 259 მილიონ დოლარად შეიძინა ბერძენმა მილიარდერმა გეორგ ემბირიკოსმა. ისევ მოდაშია ედუარდ მუნკი – მისი ბოლო რეკორდი 119 მილიონი დოლარია…
საწყალი პიკასო, დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად დააფასებდა საკუთარ ფუნჯს, რომლის ერთი მოსმითაც 107 მილიონი დოლარი იშოვა – სწორედ ამ ფასად გაიყიდა ბოლოს აუქციონზე მხატვრის ნამუშევარი „გაშიშვლებული მწვანე ფოთლები და მკერდი“ – ეს ნახატი პიკასომ ერთ დღეში შექმნა. საინტერესოა, რა დრო მოანდომა მისმა მყიდველმა 107 მილიონის მოგროვებას…
ავტორი