ქალბატონმა ლომჯარიამ უარი თქვა სახალხო დამცველობაზე და გადაეშვა პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზე, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალუდა ღუდუშაური „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშს პარლამენტში.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ნინო ლომჯარიას რცხვენია, რომ საქართველოში ომი არაა.
„რა სახალხო დამცველის საქმეა საგარეო პოლიტიკური კურსის შეფასება? ანგარიშში მოვისმინეთ, რომ თურმე კითხვები აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რამდენჯერ შეხვდა კონკრეტულ ელჩს, რაზე ესაუბრა, ასეთი ფაქტები, ხოლო ამ დროს კონკრეტული ადამიანების ბედით საერთოდ არ ინტერესდება. ეს არ არის მისი მანდატი.
თურმე ქალბატონ ლომჯარიას რცხვენია ის, რომ დღეს საქართველოში ომი არ არის და მას ურჩევნია, რომ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, ვიდრე პრემიერის უღირსი ქმედებები ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში. ეს არის წარმოუდგენელი რამ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ „ტირილით და გოდებით“, როგორმე ქვეყნიდან გააღწიოს.
„ყველა კვლევა უტარდება, არცერთი ექიმისგან არ მოგვისმენია, რომ მას არ აქვს საშუალება მისი ჯანმრთელობის შესაბამისად მიიღოს სამედიცინო სერვისი და მოდით, რეალისტები ვიყოთ, რა უნდა სააკაშვილს? სააკაშვილს უნდა, რომ ტირილით, გოდებით თუ ემპათიური გრძნობებით, როგორმე ქვეყნიდან დააღწიოს.
სად შეიძლება მიიღოს ისეთი მკურნალობა, რომელიც ექიმების თქმით, რომ ყველაფერი აქვს, მაგრამ მისი ან ხაბეიშვილის თქმით, რომ მიიღებს? მალდივებზე უნდა წასვლა, კანარის კუნძულზე უნდა თუ სად უნდა?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”