შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თბილისში, დიდ დიღომში 1982 წელს დაბადებული ქალის, მ.ს.-ს მკვლელობის საქმეზე. როგორც შსს აღნიშნავს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. შსს-ს ცნობით, მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება.
გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს – 1982 წელს მ.ს.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.