newsweek-ის ინფორმაციით, კრემლმა დაადასტურა რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თუმცა, როგორც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ისინი ერთმანეთს წელიწადნახევრის წინ ესაუბრნენ.
გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ მათი საუბარი უკრაინის შესახებ არ ყოფილა.
”მე შემიძლია მხოლოდ დაგიდასტუროთ, რომ მართლაც, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მათ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, იან ბრემერი, პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო ფირმის Eurasia Group-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ამტკიცებდა, რომ მასკმა მას პირადად უთხრა რუსეთის ლიდერთან საუბრის შესახებ და რომ ისინი “პირდაპირ უკრაინაზე” საუბრობდნენ. მაგრამ მასკმა სამშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ პუტინთან ერთი წელია არ უსაუბრია და რომ “არავინ უნდა ენდოს ბრემერს”.
“პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ. თემა კოსმოსს შეეხებოდა”, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.
მასკმა გასულ კვირას შექმნა Twitter-ის საკამათო გამოკითხვა, რომელშიც მოუწოდებდა თავის მიმდევრებს ხმა მიეცათ უკრაინის ომის მოგვარების გზებისთვის.
ამავე თემაზე:
რას ამბობს ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ