დღეს ქალაქ ფოთში ბიზნესმენ თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
თამაშები გაიმართა ფეხბურთში 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ბათუმისა და სამტრედიის გუნდები შეხვდნენ. ანგარიშით 3:1 გამარჯვება სამტრედიის ,,სამტრედიას” ხვდა წილად და თემურ ბარქაიას თასს დაეუფლა.
წარმოშობით ფოთელ ბიზნესმენ თემურ ბარქაიას თავის დროზე უდიდესი დამსახურება მიუძღვის ფოთის ფეხბურთის განვითარების საქმეში. ის ხელმძღვანელობდა ფოთის ,,კოლხეთს” და გუნდი მისი პრეზიდენტობის პერიოდში უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა. თემურ ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს პირველად ჩატარდა.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მომავალში იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს.
,, ძალიან დაძაბული თამაშები გვქონდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და თასიც მოვიპოვეთ”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის გუნდის კაპიტანმა, დათა ელიავამ.
ავტორი