Pfizer-მა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ექსპერიმენტული RSV ვაქცინა, რომელიც ორსული ქალებისთვის არის განკუთვნილი, იცავს ახალშობილებს მძიმე დაავადებებისგან დაბადებიდან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად, ორსულ ქალებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კვლევაში, აკვირდებოდნენ მშობიარობიდან ექვსი თვის განმავლობაში. ჩვილებს აკვირდებოდნენ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
ინფორმაციისთვის, RSV არის საერთო რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს მსუბუქი გაციების მსგავს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ RSV-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზრდილების უმეტესობა ჩვეულებრივ გამოჯანმრთელდება მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფექტების გარეშე, ვირუსი შეიძლება იყოს სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიშიც კი ჩვილებისთვის, უმცროსი ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება, ასევე პნევმონია.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, RSV სეზონი ხდება აშშ-ს უმეტეს რეგიონებში შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე. თუმცა, წელს ის ზაფხულის ბოლოს დაიწყო – მოსალოდნელზე ბევრად ადრე. კვირების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მრავალი საავადმყოფო გადატვირთულია ავადმყოფი ბავშვების დიდი რაოდენობით, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.
სამშაბათს, კალიფორნიის ორენჯის ოლქის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობა RSV შემთხვევების გაზრდის ფონზე, რაც მკაცრად ზღუდავს ხელმისაწვდომობას რეგიონის პედიატრიულ საავადმყოფოებში, იტყობინება Los Angeles Times.
”RSV–ის წლიური ეპიდემიის ტვირთი უზარმაზარია ემოციური და რესურსების თვალსაზრისით (სავარაუდო წლიური ხარჯები $2,6 მილიარდი). ნებისმიერი სტრატეგია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამ ტვირთის შემცირებაზე, ძალიან დასაფასებელია“, – თქვა ჩანგმა ვაქცინაზე. ყოველწლიურად 55,000-125,000 ჰოსპიტალიზაციის 50%-იანი შემცირებაც კი მნიშვნელოვანი შვება იქნება ოჯახებისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაქცინას აქვს პოტენციალი „თამაშის შეცვლის“, ჩანგის თქმით, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ დაავადების მნიშვნელოვანი ტვირთი გვხვდება 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. გარდა ამისა, მან თქვა, რომ RSV სიკვდილიანობა ყველაზე დიდია ახალშობილებში, რომლებიც არიან ნაადრევი ან რომლებსაც აქვთ ციანოზური თანდაყოლილი გულის დაავადება. ამ პაციენტებმა, შეიძლება არ ისარგებლონ ამ ტიპის ვაქცინაციისგან. ”დედის ვაქცინაციის გავლენა ამ პოპულაციებზე გასათვალისწინებელია,” – თქვა მან.
ჩანგმა აღნიშნა, რომ დედის ვაქცინაცია ადრეც წარმატებით გამოიყენებოდა ყივანახველას შემთხვევაში და ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დედებს, რომლებიც იღებენ COVID-19 ვაქცინას ორსულად ყოფნის პერიოდში, გადასცეს დამცავი ანტისხეულები ჩვილებს.
„ბევრი ინფექციის წინააღმდეგ დედის ანტისხეულები ტრანსპლაცენტურად გადადის განვითარებად ნაყოფზე, ძირითადად ორსულობის ბოლო 4-დან 6 კვირამდე“, – თქვა ჩანგმა. „თუ დედები ვაქცინაციას მიიღებენ მეორე ტრიმესტრის ბოლოს და მესამე ტრიმესტრის დასაწყისში და განავითარებენ ძლიერ იმუნურ პასუხს, ეს დამცავი ანტისხეულები შეიძლება გადაეცეს ახალშობილს“.
თუმცა, მან თქვა, რომ მოცირკულირე დედის ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილში, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მცირდება 6 თვის განმავლობაში და ეს, სავარაუდოდ, მოხდება Pfizer-ის დედის RSV ვაქცინის შემთხვევაშიც. უნდა მოხდეს თუ არა ბავშვების ვაქცინაცია მოგვიანებით, რომ დაცულები დარჩნენ, შემდგომი კვლევებით დადგინდება.