საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკურ ელიტაზეა დამოკიდებული.
ელჩმა თბილისში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ჩამოსვლის მიზანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციის და ეკონომიკურ/საინვესტიციო გეგმის განხილვაა.
“ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი, პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მისი განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად, ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, მოითხოვს იმას რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს დღეს ეწვია. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერმინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენციაცაა დაგეგმილი. ევროკომისარი შეხვდება ასევე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს.
წყარო: mtavari.tv