საქართველოში ცნობილი ბიზნესმენის, ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული პაკისტანის მოქალაქე დანაშაულს აღიარებს – ამის შესახებ “რუსთავი 2-ს” საქმეზე დაკავებული პირის, მოჰსენ რაფის ადვოკატმა, ნონა აბულაძემ განუცხადა. მისი თქმით, თავად ირანელ თარჯიმანს ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ ჰქონია.
“საქმის მასალებით ირკვევა, რომ პაკისტანის მოქალაქე დაკავებულია მანამდე, სანამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მის მეგობარს დააკავებდნენ. თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და გამორიცხავს რაიმე კავშირს დანაშაულთან,” – ამბობს ადვოკატი.
ნონა აბულაძის თქმით, საუბარია ცნობილი ბიზნესმენის ლიკვიდაციის მომზადებაზე, დანაშაულის იარაღი კი ირანის მოქალაქის მეშვეობით დუბაიდან შემოიტანეს.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ სუსმა ისრაელის მოქალაქის, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენის მკვლელობა აღკვეთა.
ცეცხლსასროლო იარაღები, სასროლო მასალა, კონსპირაციული მობილური ტელეფონები, ასევე მკვლელობის მზადების შესახებ ინფორმაცია – ეს არის იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულების ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს.
რაც შეეხება დანაშაულებრივ გეგმას, როგორც გამოძიებით დადგინდა, მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი არის უცხოეთში მყოფი ირანის მოქალაქე, რომელმაც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის შესასრულებლად გამოუშვა პაკისტანის მოქალაქე, რომელმაც საზღვარი მესამე ქვეყნის გავლით გადმოკვეთა. აქ კი პაკისტანის მოქალაქეს ჰყავდა საქართველოსა და ირანის ორი მოქალაქე მოკავშირეები, რომლებიც პაკისტანის მოქალაქეს მკვლელობის შესასრულებლად ამარაგებდნენ იარაღით და ხდებოდა კონსპირაციულ სამალავებში ამ საბრძოლო მასალების დამალვა. პაკისტანის მოქალაქე თავად იღებდა საბრძოლო მასალას – მხარეები ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებოდნენ, რათა დანაშაულებრივი გეგმა არ გაშიფრულიყო.
წყარო: რუსთავი2