შვედეთის პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩრდილოეთის ნაკადის Nord Stream 1 და 2 გაზსადენების დაზიანებულ მონაკვეთებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას. ამის შესახებ reuters წერს.
“დანაშაულის ადგილის გამოძიების დროს, რომელიც ჩატარდა ადგილზე ბალტიის ზღვაში, განხორციელდა ვრცელი ამოღება და ტერიტორია საგულდაგულოდ იყო დოკუმენტირებული. ახლა ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი რამდენიმე უცხო ობიექტზე, რომლებიც აღმოაჩინეს. გაღრმავებული ანალიზის სამუშაოები გრძელდება იმისთვის, რომ მოხდეს ინციდენტის შესახებ უფრო მყარი დასკვნების გამოტანა”, – თქვა პროკურორმა მატს ლუნგკვისტმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მუშაობა გრძელდება, მასში ეჭვმიტანილის ვინაობა არ დასახელებულა.
სექტემბრის ბოლოს ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენების ფართომასშტაბიანმა დაზიანებამ გამოწვია გაზის გაჟონვა, რაც ხილული იყო ბალტიის ზღვის ზედაპირზე. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანელი საზღვაო ფლოტის პერსონალი დაადანაშაულა მილსადენების აფეთქებაში, თუმცა არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ამ პრეტენზიის დასადასტურებლად, რაც ლონდონმა უარყო.
დაზიანებების მიზეზებს შვედეთისა და დანიის პროკურატურები იძიებენ.
როგორც დანიის პროკურატურა გასულ თვეში აცხადებდა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გაზსადენების დაზიანება და გაზის გაჟონვა ძლიერი აფეთქებით იყო გამოწვეული.
გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ.
დასავლეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა სახელმწიფო აქტორის მიერ განზრახ გახორციელდა.
ავტორი