მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი? მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები – ვერცხლისწყალი, ბარიუმი და თალიუმი. ამის შესახებ სამედიცინო დასკვნაში წერია, რომელზეც მუშაობა 2 დღის წინ ცენტრმა “ემპათიამ” დაასრულა. სკანდალური ინფორმაცია დღეს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გაავრცელა.
როგორ აღმოჩნდა მომწამვლელი ელემენტები ორგანიზმში არავინ იცის, თუმცა გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ ეს ხელოვნურად მოხდა.
“ემპათიას” დოკუმენტში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არა ერთ, არამედ რამდენიმე მძიმე დაავადებას ებრძვის. მათ შორის დემენცია რამდენჯერმეა ნახსენები. დიაგნოზები იმდენად მძიმეა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესაძლებლობას აძლევს.
პაციენტის უფლებების დაცვიდან გამომდინარე, 180-გვერდიანი დოკუმენტის სრული ვერსია არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ მასში 15-მდე დიაგნოზი ფიგურირებს. ემპათიის დასკვნა გადაითარგმნება და უცხოელს ექსპერტებს გადაეცემა. ვითარების სიმძიმეს საერთოდ არ აღიარებს ხელისუფლება და პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს. მმართველი პარტია პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდება.
წყარო: მთავარი არხი