დღეს საქართველოს სამუზეუმო ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს მუზეუმელთა ასამბლეა ჩატარდა. შეხვედრას მთელი საქართველოდან 390 დელეგატი დაესწრო, დელეგატებს შორის იყვნენ გურიის, მაღალმთიანი აჭარის, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის მუზეუმების წარმომადგენლები.
ერთ დარბაზში ამ რაოდენობის ქართველ მუზეუმელს პირველად მიეცა საშუალება ესაუბრა პროფესიულ საკითხებზე… მათ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანისაგან მოისმინეს მოხსნება სამუზემო სფეროში მინდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საინტერესო მოხსნებით წარსდგა ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, მე კი ვისაუბრე იმ ახალ სამუზეუმო კოლექციებზე, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფომ შეიძინა. ასამბლეის მეორე ნაწილი იყო ალბათ ყველაზე ამაღელვებელი და ლამაზი..
დღეს პირველად სამმა ქართველმა მუზუეუმელმა მიიღო პირველი ქართული პროფესიული სამუზეუმო ჯილდო. ვერცხლის, კეთილშობილი თვლებით გამშვენებული სამკერდე ნიშანი და 1000 ლარიანი პრემია. სამუზეუმო ჯილდოთი კეთილსინდისიერი და ხანგრძლივი მუშაობისათვის დაჯილდოვდნენ ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი გერმანე კაზალიკაშვილი და ზუგდიდის დადიანების სასახლეები ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი ნაზი ქორთუა, სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კი ჯილდო გადაეცა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს, პროფესორ იზოლდა მელიქიშვილს… დღეს ქართული სამუზეუმო საზოგადოება იყო ძალიან ბედნიერი, გახარებული და ამაყი… ეს დღე ჩვენი ისტორიის ძალიან ლამაზ ფურცლად იქცა.
ასამბლეას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის მუზეუმების მეთოდისტი თამთა ჯანხოთელი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი და მუზეუმის თანამშრომლები.