გურულების ნადი, რომელიც ძველად აქტიურად ტარდებოდა შეიძლება ითქვას ერთი დიდი დღესასწაული იყო თავისი ტრადიციით და დატვირთვით. ბოლო პერიოდში მცირედი სახით ხდება ნადის აღდგენა, მაგრამ, რაც ძველად იყო იმ სახით, ვერ ან არ ხდება. არადა დღეს, როდესაც ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გურულ ნადს აუცილებლად ეყოლება მნახველი.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი მანანა ლომაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ნადს მამითადი ეწოდებოდა და ვინც ხელმოკლედ ცხოვრობდა ან მარტო ცხოვრობდა მას ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში ან კიდევ შეშის მომზადებაში. მამითადს ასევე ჰქონდა ქველმოქმედების კუთხითი დატვირთვა.
მანანა ლომაძე: რაც შეეხება გურულების ნადს იმ პერიოდში, როდესაც ნადი დამკვიდრდა გურული გლეხი დიდძალი ყანის ფართობებს ამუშავებდა და აქედან გამომდინარე, მარტო ვერ ახერხებდა სიმინდის დამუშავებას და აღებას. აპოლონ წულაძეს აქვს ასეთი ლექსი აღწერილი თავის წიგნში:
„გავიტანეთ ჩვენ ნაპირი,
შეგვისრულე დანაპირი,
მოგვიხარშე ხარის ბეჭი,
მასპინძელო, რაღა გვერჩი“.
ამ ლექსიდანაც ჩანს, რომ როგორი დატვირთვა ჰქონდა ნადს ჩვენს მხარეში. რაც მთავარია კარგად ცხოვრობდნენ და დახმარების დროს კარგად უმასპინძლდებოდნენ. სიმინდის რჩევა იყო შესაქცევი: იყო ცეკვა–თამაში და დიდი ნადიმი. თითქმის ხელიდან გვეცლება ის ტრადიციები, რომლითაც შეიძლება ტურისტების მოზიდვა მოხდეს ჩვენს რეგიონში. შეიძლება ამ ტრადიციის აღდგენა. რომელიღაც სოფელში მარტოხელა ადამიანს დავეხმაროთ და ეს ტრადიციებიც აღვადგინოთ. გურიაში ერთ–ერთი ტრადიცია ყველაზე მეტად კალანდა დღე არის შემორჩენილი. ასევე შემორჩენილია შობა დღეს ღვეძლების გამოცხობა სახლებში, მაგრამ იმ ფორმით არა, რაც ძველად ჰქონდა. ყანის ნადურში ნათქვამი „ჩაცმა–დახურვის“ ლექსის მიხედვით გურულს კაი „ჩაცმა–დახურვა“ და „სმა–ჭამა“ ჰყვარებია.
„ხორცს არა ვჭამ არაფრისს,
იხვისა და ხოხბის მეტსო,
უშობელი ძროხის მეტსო,
ტანზე არაფერს ჩავიცვამ,
პალტოს მაუდის მეტსო,
თავზე არაფერს დავიხურავ,
ქუთათური ქუდის მეტსო, ფეხზე,
არაფერს ჩავიცვამ წაღა–წუღა ჩექმის მეტსო“ ) ა. წულაძე “ეთნოგრაფიული გურია“, გვ 27).
გურიაში ნადი სიმინდის რჩევის დროსაც იცოდნენ. მთელი კალო 200-3000 გოდორი (გოდორი ფუთზე მეტი, დაახლოებით 20 კგ) უნდა ყოფილიყო და უნდა გარჩეულიყო სიცილ–ტკარცალში, სიმღერა–ოხუნჯობაში, შექცევაში. ნადს სიმინდის ქურჩნაზე გაუწყობდნენ ვახშამს. ეს იყო ხაპის ფოთოლზე დალაგებული მოხარშული და შემწვარი ქათმები, სატეხ–საკრეფად საგანგებოდ გამოზრდილი, მარილ–წყალში მოხარშული ბურვაკის ხორცი, ძროხის მოსათალი ბეჭი, სათბილო, ჩალაღარჯი საწებლით, მძაღე ყარაო, ბროწეულის წვენი, მადის გასაღვიძებლად არაყსაც არ აკლებდნენ. ზოგს უკვე ჰქონდა სამაჭრე ყურძნიდან დაყენებული მაჭარი. უღვინო გურულები, არა თუ სტუმარს, თავადაც იჯრას – ხემსასაც არ მიირთმევდნენ. ყანის მუშას საიჯარო ღვინო მუდამ თან მიჰქონდა. გურულს თუ ღვინო ჭურში ეგულებოდა, სტუმრის არამც თუ ეშინოდა, პირიქით, ეძებდა კიდეც. ღვინო იყო მისი ოჯახის მასახელებელი, უღვინობა – “მომჯაყველი“ კაი მასპინძლობა ჰქონდაო რომ იტყოდნენ, მეორე დაურთავდა. მასპინძელი რა შუაშია, ღვინო იყო კაი მასპინძელიო. ღვინის მონაწილეობის გარეშე არ სრულდებოდა არცერთი რიტუალი. არცერთი დღესასწაული გურულ ოჯახში – ახალ ფუძის ჩაყრა, ძეობა, ნიშნობა, ქორწილი უღვინოდ არ ჩატარდებოდა,“ – გვითხრა მანანა ლომაძემ.
ლოტბარი ლაშა ჩხარტიშვილი გვიამბობს, რომ გურიაში ნადის დროს სპეციალურად იწვევდნენ მომღერლებს, რომლებიც, ნადის დროს, არ მუშაობდნენ და სიმღერით ამხნევებდნენ ნადში მონაწილეებს. მათ სიმღერის დროს ნადში მომუშავე გლეხებიც ჰყვებოდნენ და ასე გადიოდა სიმღერაში და შრომაში დრო.
„ნადური“ სოფელი სურები (ჩოხატაური) გადაცემა ეთნოფორი)
ლოტბარს, ხალხური სიმღერების შემსრულებელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს აქვსენტი მეგრელიძეს თავის წიგნში “გურული ნადური“ დეტალურად აღწერილი აქვს სიმღერაზე შემდეგი ისტორია:
“როდესაც სოფლის მუშა გლეხი თავის საკუთარ ყანაში სამუშაოდ მოიწვევდა სხვებს, აი ამ შეკრებას უწოდებენ გურიაში ნადს. ნადი შესდგებოდა არა ნაკლებ 8 კაცისა, ამის ზევით შეიძლებოდა ასი და მეტიც. ამა და ამ კაცმა ნადი მოიწვიაო, იტყოდნენ ნადის მომწვევი გლეხი დანარჩენებს ( მოწვეულებს) მაინდობდა. მაინდობა ნიშმავდა იმას, რომ გლეხს თითოეულისთვის უნდა გადაეხადა სამაგიერო ყანაშივე მოხმარებით. მუშაობის დროს ნადი ასრულებდა სიმღერას, რომელსაც „ნადური“ ეწოდებოდა. მაშასადამე ნადური არის სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ყანაში მუშაობის დროს ნადი. გურული ნადური. სხვა გურულ სიმღერებთან შედარებით, გურული ხალხური მუსიკის დედა–ბოძად მიმაჩნია. ნადური დიდი განსხვავდება სხვა სიმღერებიდან. ნადურში ხმების შეწყობის ისეთი არ არის, როგორც სხვა სიმღერებში. აქ, მაგ. მესამე ხმა, ტომელიც ბანის ადგილას იჭერდეს, თითქმის თავიდან ბოლომდე ერთ ხმაში მიდის. სრულებით არ არის მოძრავი, როგორც სხვა სიმღერებშია. არის საჯაოხურაი, შემოქმედურაი, ჩოჩხათურაია, გურიანთულაი, ქობლეთურაი, მურღულაი და სხვა. ნადურს 8 კაცზე მერს არ ასრულებინებენ; 8 კაცი, არც მეტი, არც ნაკლები, თუ ნადი მრავალრიცხოვანია, მაშინ რამდენიმე ჯგუფებად გაიყოფიან და ნადურს ასრულებენ რიგ–რიგობით. ვთქვათ 32 კაციან ნადში, ეს 32 გაიყოფა ოთხ ნაწილად და მთელი დღე სულ განუწყვეტლივ სიმღერა მიდის. ერთმა 8 კაცმა, ვთქვათ შეასრულა საჯაოხურაი, მეორე 8 კაცი აგრძელებს მეორე კუთხის ნადურს, მაგ. შემოქმედურას, მესამე – გურიანთულას, მე-4- ჩოჩხათურას და ასე შემდგომ. როცა ერთი ჯგუფი მღერის, დანარჩენები ყურს უგდებენ, ერთობიან, ხმას ასვენებენ და მუშაობას ამით იადვილებენ. წარმოიდგინე რა საინტერესოა სხვა და სხვა გუნდების მოსმენა, სხვა და სხვა შემსრულებლების არიან საუკეთესო მოწვეული ძალები. არ უნდა შევნიშნო, რომ საუკეთესოდ მიჩნეულ მომღერალს, მაგ.კრიმანჭულს, მასპინძელი ერთი დღის მუშაობას ორი დღით უნაზღაურებდა. აი ასეთ ძალებს უყრიდნენ თავს ნადში. ნადში წასვლა გლეხისათვის იყო სასიხარულო. მან იცოდა, რომ შორეული სოფლებიდან იქ მოწვეული იქნებოდა საუკეთესო მომღერლები. იქ სასმელ–საჭმელი კარგი იქნებოდა, დროსაც გაატარებდა და აქ შრომას ის სასიამოვნოდ თვლიდა, მითუმეტეს, რომ, თუ თვითონ კარგი მომღერალი იყო, ერთი დღის ნაცვლად ორ შრომა დღეს მიიღებდა. ( წიგნი “გურული ნადური, ავქსენტი მეგრელიძე)“
და ბოლოს, სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი რუსლან ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, ნადი ჩვენი ცხოვრების თანამდებია. ძალიან სასწაული პროცესი იყო და ამის აღდგენა აუცილებელია.
ფოტოები: რადიო თავისუფლება
ავტორი