ვლადიმერ პუტინი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. 2023 წელს რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, შეტევა ერთდროულად ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან დაიწყონ და ასევე დონეცკის მთელი ოლქის დაპყრობას შეეცადონ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.
„მათ ესმით, რომ მარცხდებიან, მაგრამ არ აპირებენ ომის დასრულებას“, – აღნიშნა ჩერნიაკმა.
მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რომელ ტერიტორიებზე გეგმავენ რუსები შეტევას 2023 წელს. ჩერნიაკმა ხაზი გაუსვა, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი თავდასხმა ჩრდილოეთით ან აღმოსავლეთით განხორციელდება.
„მოსალოდნელია მტრის ასეთი ქმედებები [ახალი შეტევები] და ჩვენი ჯარები ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა ჩერნიაკმა.
მისი თქმით, 2023 წელს რუსები შეეცდებიან შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმამდე და დაიპყრონ დონეცკის მთელი ოლქი. ამასთან, მისი აზრით, ხერსონის ხელახლა დასაპყრობად დნეპრის გადალახვა შეუძლებელი იქნება