რამდენიმე დღის წინ ახალი – 2023 წელი დაგვიდგა. ამ საზეიმო თარიღისთვის მზადება მთელ მსოფლიოში დიდი ხნის წინ დაიწყო. გამონაკლისი არც საქართველოს დედაქალაქი აღმოჩნდა და თბილისის ცენტრში აღმართული დიდი ნაძვის ხეც ამისი ნათელი დამადასტურებელია.
მართალია კარგი ნაძვის ხე კი გვაქვს, მაგრამ იაპონელებმა მაინც გვაჯობეს. იქაურმა იუველირებმა შექმნეს ნაძვის ხე სუფთა ოქროსაგან, რომელიც 24 კილოგრამს იწონის და 1.5 მილიონი დოლარი ღირს. ეს საშობაო სასწაული შემკულია 240 ძვირფასი ქვით, მათ შორის ბრილიანტებით და მარგალიტის “წვიმებით“.
ახალი წლისათვის ბრაზილიაშიც კარგად მოემზადნენ. იქაურები იაპონელებისგან განსხვავებით სხვა გზას დაადგნენ. სან-პაულოელმა კონდიტერებმა შოკოლადის ნაძვის ხე დაამზადეს, რომელიც 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლით ხუთი მეტრია. ტოტებზე საჩუქრების ნაცვლად 3 ათასამდე კანფეტი მოათავსეს, ნიგვზისა და კარამელის შიგთავსით.
ეს ნაძვის ხე მხოლოდ და მხოლოდ 6680 დოლარი ღირს, ოღონდ მას ვერ შეიძენთ, რადგან არ იყიდება. სხვა ტკბილეულთან ერთად ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდამჭერ ფონდში გადააგზავნეს. საჩუქრის ადგილზე მისატანად გამოიყენეს სპეციალური სატვირთო-სამაცივრო დანადგარი. სხვაგვარად ლათინური ამერიკის ცხელ კლიმატში შოკოლადი გზაში დადნებოდა.
ნაძვის ხის სახლში დადგმა სასიამოვნო ტრადიციაა და არა რელიგიური რიტუალი. მას საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა იმ დროს როდესაც წინაისტორიული პერიოდის ადამიანები მარადმწვანე ხეებს ეთაყვანებოდნენ. ინგლისში ეს წესი მას შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტ საქს-კობურგ-გოტა დედოფალ ვიქტორიაზე დაქორწინდა.
სწორედ რომ პრინცმა ალბერტმა მორთო პირველი ნაძვის ხე უინძორების სასახლეში. აშშ-შიც ეს ტრადიცია გერმანელებმა შეიტანეს, როდესაც 1776 წელს ამერიკის რევოლუციის დროს პირველი ნაძვის ხე ჰესენელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს.
ნაძვის ხის მთავარი ატრიბუტი სათამაშოებია. ის უამრავი ფორმისა და სახისაა და ყველა ოჯახში მრავალი წლის განმავლობაში ინახება. მათ შორის ვხვდებით ერთგვარ რელიქვიებსაც, რომლებსაც თაობიდან თაობებში დიდი რუდუნებით გადავცემთ და განსაკუთრებული სიფრთხილითაც ვინახავთ. არ ვიცი ბებია-ბაბუების დატოვებულ ამ რელიქვიებს რა ფასს დაადებთ, მაგრამ წინა კვირას ინგლისში, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ნაძვის ხის სათამაშო შეიქმნა. მისი ავტორია იუველირი ჰემფშირის საგრაფოდან, ვინმე მარკ ჰესეი.
ამ სათამაშოს ფასი არც მეტი არც ნაკლები 130 ათასი დოლარია. ის წარმოადგენს 1.5 ათასი ბრილიანტით მოჭედილ 18 კარატიანი თეთრი ოქროს ბურთს, რომელსაც გარს აკრავს 188 ლალის თვლით შემკული ორი რგოლი. ამ შემთხვევაშიც გაცნობებთ მისამართს, სადაც ეს საჩუქარი შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. ის გამოფენილია ლონდონის ერთ-ერთ უნივერმაღში. თუ მის მოპარვას შეეცდებით არ გირჩევთ, რადგან ის მოთავსებულია შუშის სქელი ფენით დაფარულ თუნუქის კოლოფში, რომელზეც დამაგრებულია სიგნალიზაცია. მისი ამოქმედების შემთხვევაში მაღაზია კვამლით იფარება და ბრიტანული სკოტლანდ-იარდის თანამშრომლებს თქვენი დაკავება არ გაუჭირდებათ.
2023 წლის დადგომამდე, წინა საღამოს ჩილელ სერხიო კალდერონს დიდი საახალწლო სიურპრიზი ელოდა. საკუთარი სახლის სხვენზე ასული, ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტიკის მოძებნას აპირებდა და ბრჭყვიალა სათამაშოების ნაცვლად რვა საბრძოლო ყუმბარა დახვდა. კალდერონმა თოვლის ბაბუის საჩუქრის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, რომლებიც ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და ყუმბარებიც გააუვნებელყვეს. უიღბლო ჩილელის ვარაუდით, ყუმბარები საკუჭნაოში შესაძლოა მრავალი წლის წინ მამამისს შეენახა.
ახალი წლის მთავარი მომქმედი გმირი მაინც თოვლის ბაბუაა, რომელიც დეკემბრის თვეში გვეცხადება და ჩვენთვის უამრავი საჩუქარი მოაქვს. ეს უკანასკნელი ადამიანური ფანტაზიის ის ნაყოფია, რომლის არსებობისა ყველას გვჯერა და რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის მომავლის იმედისა და ყველა ჩაფიქრებული სურვილების აღსრულების მტკიცე გარანტია.
არ ვიცი, ქართველი თოვლის ბაბუა რამდენი წლისაა, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ბოლო წლებში ჩვენს რეალობაში მყარად დაფუძნებული სანტა კლაუსი 1653 წლის გახლავთ.
ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა,რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გამოგონილი ჰუმანისტი ყოფილა. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სანტას არსებობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გჯეროდეს. ამერიკელების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ სანტა კლაუსს ნამდვილად მოაქვს მათთვის იმედი. ოკეანისგაღმელთა 60 პროცენტი კი დასავლური სამყაროს ამ თოვლის არსებას პოპულარობით უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ბარაკ ობამას, ბრედ პიტს და რომან აბრამოვიჩს.
ამ ქვეყნად მრავალი შეუგნებელი ადამიანი ცხოვრობს და მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს. ამ კატეგორიის ხალხის რისხვას ვერც საყოველთაო სიყვარულის მქონე სანტა კლაუსი და ფიფქია გადაურჩნენ. ეს სამწუხარო ამბავი რამდენიმე დღის წინ ლონდონში დაფიქსირდა. ამ ქალაქის ერთ-ერთ პარკში, გასართობად მოსულებმა სანტა კლაუსი, სამი ფერია და ორი მცველი ცემეს. მათ ვერც ფიფქია გადაურჩათ.
ჩხუბის მიზეზი მრავალგვარი იყო. პარკში შესასვლელი ბილეთი 30 გირვანქა ღირდა და ატრაქციონების ნახევარი არ მუშაობდა. სიმართლე ითქვას და მთავარი პროვოკატორი სანტა კლაუსი აღმოჩნდა. ის უარს ამბობდა ბავშვების მუხლებზე დასმაზე და 10 გირვანქა სტერლინგს ითხოვდა მათთან ერთად სურათის გადაღებისათვის.
ავტორი