სულ ეს ფიქრი მაქვს, რომ 7.2 და 7.6 სიმძლავრის ბიძგები რომ მოხდეს, რა მოუვა ჩვენს საცხოვრებელ ფონდს თბილისში, ბათუმში და სხვაგან,- ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო და ქვეყნის მთავრობა ახლა იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ მშენებლობების ხარისხს ამოწმებდნენ, თუ რამდენად გაუძლებს იმავე სიმძლავრის მიწისძვრას.
“სიმართლე გითხრათ, მეც და ალბათ საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს სულ ერთი და იგივე აზრი გვიტრიალებს. როდესაც ვუყურებდით რამდენიმე წამში როგორ იფშვნებოდა თურქეთში უშველებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სულ ვფიქრობდი, რომ რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, სურვილით და ფიქრით გვინდა, რომ მსგავსი არასოდეს მოხდეს ჩვენთან, მაგრამ ჩვენც იმავე რეგიონის ნაწილი ვართ, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში მოხდა და ჩვენთანაც, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა მიწისძვრა და სულ ეს ფიქრი მაქვს, რომ 7.2 და 7.6 სიმძლავრის ბიძგები რომ მოხდეს, რა მოუვა ჩვენს საცხოვრებელ ფონდს თბილისში, ბათუმში და სხვაგან. ერთი მხრივ, ძველ თბილისში არის ათასობით უმძიმეს მდგომარეობაში სახლი ისტორიულ ნაწილში, მეორე მხრივ არის ახალაშენებული უშველებელი კორპუსები, რა ხარისხით აშენდა, როგორ აშენდა, რა მასალით აშენდა, ღმერთმა უწყის, ბათუმში მთვარეზე ავიდა იმხელა სახლები შენდება და ისინი რა ხარისხით შენდება? ვიცით, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურებს ვიზუალური დათვალიერების უფლება აქვთ და მშენებლობის ხარისხს არავინ ამოწმებს. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ნორმალური სახელმწიფო და მთავრობა ახლა იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ ფიქრობდეს, როგორ შეიძლება შევისწავლოთ და გადავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა მსგავსი კატაკლიზმების შემთხვევაში, რომ არ დაგვეფშვნეს ჩვენც ეს სახლები თავზე. ამას გააკეთებდა დღეს კარგი ქვეყანა და კარგი მთავრობა. ან თუ ვინმემ იცის, რომ საფრთხის შემცველი არ არის ჩვენი ნაგებობები და გაუძლებს მიწისქვეშა ბიძგებს, გვითხარით, კი ბატონო და ჩვენც მშვიდად ვიქნებით და თქვენც ალბათ,“– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.