ამომრჩევლები უპირატესობას ხმის დაბალი ტემბრის მქონე პოლიტიკოსებს ანიჭებენ. ასეთ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. ისინი ორატორების გამოსვლების ჩანაწერებს ელექტრონულად ჟღერადობას უცვლიდნენ.
პუბლიკაციის ავტორებმა 17 ქალის და 10 მამაკაცის ჩანაწერი გამოიყენეს. გამომსვლელები ერთსა და იმავე ფრაზას – ,,მოგიწოდებთ ნოემბერში მე მომცეთ ხმა’’, წარმოთქვამდნენ. მოცემული ფრაზის ხმის დაბალი და მაღალი ტემბრის ვარიანტების მისაღებად ჩანაწერები ელექტრონულად დაამუშავეს. შედეგები პროექტში მონაწილე პირობით ,,ამომრჩეველს’’ მოასმენინეს. მსმენელებმა სიმპატია იმ ორატორების მიმართ გამოხატეს, რომელთაც შედარებით დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდათ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის კეისი კლოფსტადის თქმით, პოლიტიკოსებმა იციან, როგორი საუბარი იზიდავს ამომრჩეველს და სასურველი ხმის ტემბრის დასაყენებლად ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს. ცნობილია, რომ სწორედ ასე იქცეოდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი. კვლევის შედეგების თვალსაჩინო დასტურია რონალდ რეიგანისა და ნიკოლა სარკოზის ქცევაც.
მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ დაბალი ხმის ტემბრის მქონე პოლიტიკოსი ქალები აუდიტორიის მიერ ძლიერ და კომპეტენტურ პიროვნებებად აღიქმებიან.
ავტორი