“მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და მკურნალობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.
მიუნხენში პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა.
„მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს.
თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი.
ასევე, მინდა, ვახსენო, რომ ალბათ თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა.
ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით დამთავრებული. კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.