გურიაში, ცენტრალური საავტომობილო გზის (თბილისი-ბათუმი), გასწვრივ, ოზურგეთის სოფელ ძიმითის გადასახვევიდან ასიოდე მეტრში, მდინარე სუფსამ, სანაპირო კიდეები კიდევ უფრო მიიტაცა. ახლა მდინარე და გზა, ერთმანეთს ხუთიოდე მეტრით თუ არიან დაშორებული.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია აქ საშიში ვითარებაა და მდინარემ ბევრი სახნავ-სათესი სავარგული მიიტაცა, თითქმის არაფერი გაკეთებულა კალაპოტის გასამაგრებლად. ზოგადად კი, მდინარის კალაპოტში, არც ისე შორ მანძილზე, კარიერებიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება აქტიურად ხდება.
რიგითი მოქალაქეების შეტყობინების შემდეგ, როგორც ადგილზე მისულებმა ვნახეთ, დღეის მდგომარეობით, ნანახმა მართლაც გადააჭარბა მოლოდინს.
“კვირაში ერთხელ დავდივარ ოზურგეთში, ბაზარში. ჩემი ნაშრომ-ნაწვალები ჩამომაქვს _ ყველი, ნადუღი, კვერცხი, სოფლის სხვადასხვა პროდუქტი.
ამ გზას ჩემთვის და არაერთი ჩემი მეზობლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა კი ეს რა ვნახე _ გადარეული მდინარე ზედ ტრასაზეა მომდგარი. გეგონება, სადაცაა ასფალტზე შემოვარდება.
ტრაქტორები დავინახეთ, გაღმა მხარეს წყალში იდგნენ. მემანქანეებსაც როგორ არ ეშინიათ, ამ გადარეულ მდინარეში რომ შედიან. საწყალი, ჩვენზე საცოდავი ხალხია ესენი”, _ გვიამბო ჩოხატაურელმა ნუნუ შავაძემ, რომელიც მეუღლესთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტის გასაყიდად, ოზურგეთის ბაზარში იმყოფებოდა.
ჩვენ ადგილზე მივედით. გზად სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა გვითხრა, რახანია ამ ადგილზე, არც ისე მცირე მონაკვეთზე, ასეთი ამბავია. წაიღო მდინარემ საყანეები. ახლა ამ გზასაც წაიღებს და როდის აკეთებენო.
ეს ადგილი სოფლების _ ნაგომრისა და ძიმითის სიახლოვესაა. იქ მართლაც საშიში მდგომარეობა დაგვხვდა.
მდინარის შუაგულს მიღმა, გაღმა მხარეს ექსკავატორი მუშაობდა. სავარაუდოდ, კალაპოტს აღრმავებდნენენ, რომ მდინარეს დამრეცად წასვლის საშუალება მისცემოდა და როგორმე ტრასაზე არ გადმოსულიყო.
რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირად არ შეგვეძლო, ხმა მიგვეწვდინა გაღმა მხარეს მომუშავეთათვის, რომ დაზუსტებით გაგვეგო, რა სახის სამუშაოს ასრულებდნენ ასე ადიდებული მდინარის კალაპოტში.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ “გურია ნიუსი” გასულ წელს, ორჯერ წერდა აღნიშნული პრობლემის შესახებ.
ჩვენ, იქვე, საავტომობილო გზის ამ მონაკვეთიდან დავუკავშირდით “გზამშენი 18”-ის დირექტორს თემურ ჯახვას.
_ ბატონო თემურ, შარშან ჩვენ ვისაუბრეთ ამ კონკრეტულ ადგილზე არსებული საშიშროების შესახებ. მაშინ გვითხარით, რომ ორ კვირაში ტენდერის შედეგები გამოცხადდებოდა და მალევე გაკეთდებოდა ჯებირი. ახლა კი კვლავ საშიში მდგომარეობაა. რა ხდება?
_ კი, გითხარით, მაგრამ ტენდერის დასრულებას მდინარემ დაასწრო. წვიმები იყო, მერე თოვდა. არ ინერვიულოთ, ხომ დაინახეთ, რომ ტრაქტორი მუშაობს. ყველაფერი კარგად იქნება.
_ კი, ტრაქტორი მდინარეში დგას. ალბათ, კალაპოტის დამრეცად მოქცევა სურს, რომ მდინარეს დაღმართი უფრო მეტად გაუკეთონ?
_ მუშაობენ უსაფრთხოებისთვის.
_ იმ ტენდერის ირგვლივ რა ხდება, რომლის გამოცხადებაზეც გასულ წელს ისაუბრეთ. სავარაუდოდ, ერთ კვირაში უნდა ჩატარებულიყო?
_ ტენდერი გამოცხადებული იყო, მაგრამ მის დამთავრებამდე ადიდდა მდინარე. მალე გამოცხადდება ტენდერის შედეგები და გაკეთდება კარგი ჯებირი, მანამდე კი გარწმუნებთ, სუფსა ტრასაზე არ შემოვა, _ დაგვამშვიდა ბატონმა თემურმა.
თემურ ჯახვამ გასული წლის დეკემბერშიც გვითხრა, მე ყველაზე მეტად მაწუხებს ეს პრობლემა და არ ინერვიულოთ; საგზაო ტენდერმა უკვე გამოაცხადა ტენდერი და ერთ კვირაში დასრულდებაო.
თუმცა, ერთი კვირა კი არა, სამი თვე გავიდა და სუფსა კატასტროფულად დაუახლოვდა გზის კიდეს.
“გურია ნიუსი” არა ერთ მოქალაქეს, ესაუბრა _ ნაგომრისა და ძიმითის მცხოვრებლები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად მგზავრობენ და სარგებლობენ ამ გზით, აქტიურად საუბრობენ საფრთხეზე.
ამ მეტად პრობლემურ საკითხს, ყველაზე კარგად გურული მოყვარული მეთევზეები იცნობენ. ისინი, თავისუფალ დროს, ხშირად დადიოდნენ და ახლაც დადიან სუფსაზე სათევზაოდ, უმეტესად, ზაფხულში და შემოდგომის თბილ ამინდში.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც აქ ხშირად თევზაობდა, ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილია. მან გვიამბო, რომ ხედავდა ყოველ წელს, როგორ მცირდებოდა მანძილი გზასა და მდინარეს შორის და აი, სუფსა ტრასას მოადგა.
_ სულ ცოტა, ათი წელია, ამ მიდამოებში მოყვარული მეთევზეები დავდივართ. ყოველ წელს, აქ, საყანე ფართობებში, ძიმითელებს სიმინდი ჰქონდათ დათესილი. ერთი ძიმითელი კაცის საცოდაობამ გული დამწვა _ წინა დღით, ჩვენ თვალწინ გათოხნა ყანა. ყელამდე სიმინდი იყო. იმ ღამით წვიმა წამოვიდა. მეორე დღეს კი იყო დარი, თუმცა, როცა ნაპირთან მივედით, ყანის მეხუთედიც არ იყო დარჩენილი. კაცს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
ვინ იცის, რამდენი ასეთი ფაქტი მოხდა. მე, იცით, რა მიკვირს? ათი წლის მანძილზე რომ ასე ხდება, ხედავ, ხალხს პირში ლუკმას ართმევს მდინარე, არ შეიძლება, დროზე იმოქმედო? რა გახდა ეს წყეული ტენდერი და ერთი გულიანი მონდომება? _ ამბობს ბატონი ავთო.
ავთო ბერიშვილმა გვითხრა ისიც, რომ იქვე, სიმინდის ყანებთან ხალხს ჭა ჰქონდა:
_ საუკეთესო ცივი წყალი იყო. ვსვამდით ყველა. დღეს სადღაა? ის ჭაც და კიდევ ბევრი საყანე ფართობი წაიღო წყალმა. ვერ დავიჯერებ, რომ აქამდე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა! უბრალოდ, უყურადღებობის ბრალია. ასი მეტრი მაინც იქნებოდა ბოლო დროს, ნაპირიდან გზამდე დარჩენილი. მიწის ამხელა ნაწილს რომ მიიტაცებს მდინარე, ცოტა ყურები არ უნდა გამოიბერტყო? _ გაბრაზებით თქვა მან.
თუ როგორ “გამოიბერტყეს ყურები”, ჩვენ ხუთი დღის შემდეგ, კვლავ დავუკავშირდით “გზამშენი18”-ის დირექტორს, ბატონ თემურ ჯახვას და ვკითხეთ, რა მდგომარეობაა დღეისთვის ხსენებულ მონაკვეთზე. თუ ჩატარდა ტენდერი, ვინ გაიმარჯვა და კონკრეტულად, როდის დასრულდება სამუშაო.
_ გეტყვით, რომ სოფელ ნაგომრის მონაკვეთზე, მდინარე სუფსის სანაპირო გამაგრებულია. საშიშროება არ არსებობს.
_ ბატონო თემურ, გასულ წელსაც გვითხარით იგივე და თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა სამუშაო ჩატარდა? მდინარეს რა შეაკავებს, კვლავ თუ ადიდდა?
_ გაიჭრა არხი. ხომ ნახეთ, ექსკავატორები მუშაობდნენ. მერე მთელ სიგრძეზე ქვის ლოდების ჯებირი გაკეთდა. რომც ადიდდეს მდინარე, ამ ეტაპზე საშიში არ არის _ გზაზე ვერ გადმოვა.
_ ბოლოს და ბოლოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერი როდის ჩატარდება?
_ ტენდერი, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს, რადგან, სავარაუდოდ, პროექტი შესაცვლელი იქნება.
_ ახალი პროექტი უნდა დაიწეროს და უკვე გამოცხადებული ტენდერი გაუქმდება?
_ კი _ ამაში გასაკვირი არაფერია. საქმემ ახლა ასე მოითხოვა. ტენდერი როდის გამოცხადდება, გაუქმდება თუ არა პირველად გამოცხადებული, ეს ორ დღეში გახდება ცნობილი, _ გვითხრა თემურ ჯახვამ.
ვიმედოვნებთ, ბატონი თემურის ნათქვამს ექნება საიმედო დასასრული.
“გურია ნიუსი” აქტიურად დააკვირდება ამ პროცესს. როგორც ადრე ვწერდით, ჩვენთან ახლაც არაერთი შეშფოთებული მძღოლი თუ რიგითი მოქალაქე რეკავს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ავტორი