თუ ჩვენი მიზანია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის შევქმნათ რეზერვი, ის, რომ დღეს სხვადასხვა უწყებაში მსახურობენ სამხედრო მოსამსახურეები, ეს ამ მიზანს ვერ ემსახურებოდა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
„თავდაცვის ახალი კოდექსი ემსახურება მხოლოდ ქვეყნის სიძლიერეს და იმ კომფორტული პირობების შექმნას, რაც შეიძლება სახელმწიფომ უზრუნველყოს წვევამდელებისთვის და იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც დღეს გვაქვს წვევამდელთა სამსახურში.
წინა სისტემის ნაკლოვანებებს რაც შეეხება, თუ ჩვენი მიზანია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის შევქმნათ რეზერვი, ის, რომ დღეს სხვადასხვა უწყებაში მსახურობენ სამხედრო მოსამსახურეები, ეს ამ მიზანს ვერ ემსახურებოდა. მეორე – ჩვენ მაქსიმალურად მოქნილი გავხადეთ კანონპროექტი და ყველანაირ საშუალებას ვუტოვებთ მოქალაქეებს, რომ დიდი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ. მინდა მივმართო სტუდენტებს, რომ არავინ შეიყვანოს ისინი შეცდომაში. სავალდებულო სამსახურის გავლა სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხება.
მე ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებსაც ექნებათ საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური. ჩვენ ასევე გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამები, რომელიც შეეხება 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება – სავარაუდოდ, 1200 ლარი – წვევამდელი მიიღებს ოფიცრის წოდებას და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ ეს კანონპროექტი და მიზანს, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.