აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ექიმმა, კევის ოკონორმა გაავრცელა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაცია 16 თებერვალს უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა და შედეგად ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებულია.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.
თეთრი სახლი ექიმის მიერ შედგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბაიდენს ბაზალუჯრედოვანი კარცინომა დაუდგინდა, რომელიც როგორც წესი, მეტასტაზებს არ წარმოქმნის.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციები წარსულშიც აქვს გაკეთებული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ბაიდენს დაუდგინდა, აშშ-ში ფართოდაა გავრცელებული. ის ყოველ წელს 3,6 მილიონ ამერიკელს უდგინდება და ის დასაწყის სტადიაზე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.