ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ კანონპროექტის მიღებას არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ ამით ქვეყნის ევროპული პერსპექტივა დაინგრევა.
“რაც შეეხება “უცხოური გავლენების აგენტების” კანონპროექტს, არ ვაპირებ განხილვას, რომელი სჯობს, ვარიანტებს ვგულისხმობ, ამერიკული თუ რუსული. ჩემი პასუხი ერთია. ამ კანონით ხელისუფლებას სურს, თავი კომფორტულად იგრძნოს, მიზანი არის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ ისინი არ შეაწუხონ. ამ კანონის მიღება საერთოდ არ არის აუცილებელი, ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას”,_ გვითხრა ბოლქვაძემ.
მისი თქმითვე, საზოგადოება აუცილებლად იტყვის კანონპროექტის წინააღმდეგ თავის სიტყვას.
“რაც შეეხება გუშინდელ აქციას და განვითარებულ მოვლენებს, პროტესტი იქნება, საზოგადოება ამ კანონის წინააღმდეგ გამოვა და აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და საზოგადოების მხრიდანაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე არ უნდა მოხდეს ძალის გამოყენება. რაზედაც უნდა იზრუნოს სწორედ ხელისუფლებამ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დაიცვან და არა პირიქით”,_ ამბობს ბოლქვაძე.