ამჟამად ლიგა 3-ში მოასპარეზე, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია”, ირკვევა, რომ კარს მომდგარ სეზონს, რომელიც დიდი ალბათობით, აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება, სიახლეებით ხვდება. ამბობენ, რომ “გურია” ამბიციური გუნდის გაკეთებას გეგმავს, რომლის უპირველესი მიზანი ლიგა 2-ის საგზურის მოპოვებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ “გურიას” ყოფილი ფეხბურთელი დავით დიღმელაშვილი გაწვრთნის. იგი 43 წლისაა და თავის დროზე: თბილისის “დინამოში”, “ვიტ ჯორჯიაში”, “სამსუნფორში” (თურქეთი)”სიენაში” (იტალია), რაანანას “ჰაპოელში” (ისრაელი), “ტორპედოში, “ჩიხურასა” და “სასკოში” უთამაშია. “გურიაში” მოსვლამდე კი “გარეჯის” მწვრთნელი იყო.
დიღმელაშვილს “გურიას” გაწვრთნაში დაეხმარება ალეკო კოშკაძე დაეხმარება. კოშკაძე 41 წლისაა და სულ ახლახან დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ბოლოს ის სწორედ “გურიას” ღირსებას იცავდა.
აღნიშნულ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძეც:
“გუნდი ახლა 20 კაცის შემადგენლობით თბილისშია და იქ გადის მზადებას. 17-20 რიცხვისთვის ჩამოვლენ, ორკვირიანი შეკრება ექნებათ გრიგოლეთის ბაზაზე და საკონტროლო თამაშებსაც აქ გამართავს გუნდი”, _ გვითხრა ტაბიძემ.
ამ ყველაფრის პარალელურად კი, ფაქტად რჩება, რომ ზოგადად საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის პრობლემაა და სამწუხაროდ, ამ მხრივ გამონაკლისი არც ლანჩხუთის “გურიაა”, სადაც ერთ დროს მრავლისმნახველ არენას, რომელიც 25 ათას ქომაგს იტევდა, ახლა მხოლოდ ერთი და ისიც აღმოსავლეთის ტრიბუნა აქვს.
არადა, ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაანონსდა, რომ ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს, რომლის დემონტაჟიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ფონდი “ქართუ” გააკეთებდა. მაშინდელი ინფორმაციით, გაკეთდებოდა დასავლეთ ტრიბუნა, თანამედროვე ლოჟით, ხოლო ტრიბუნის ქვეშ გასახდელების გაკეთებაც განიხილებოდა. ცნობისთვის, ფონდმა “ქართუმ” გასულ წლებში 500 ათასი ლარით უკვე დააფინანსა “გურიას” სტადიონის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, გასახდელებითა და საოფისე ოთახებით.
მაშინ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს “გურიას” სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის გაკეთებაში დახმარება საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ სთხოვა, რასაც რეაგირება მყისიერად მოჰყოლია და მთავრობა თემით დაინტერესებულა. თუმცა, როგორც დრომ აჩვენა საქმე ამის იქეთ აღარ წასულა და ადგილობრივ ხელისუფალთა წლების წინანდელი მტკიცება, რომ გადაწყვეტილი საქმე იყო, ლანჩხუთში “გურიას” სტადიონს “ქართუ” ააშენებდა, ჯერჯერობით, ისევ დაპირებად რჩება.
ბესიკ ტაბიძესთან საუბრისას “გურია ნიუსი” ამ თემასაც შეეხო და შეეცადა გაერკვია, თუ რა ხდება ამ მიმართულებით:
“არ მინდა, ამ თემაზე წინასწარი საუბრები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იყვნენ ჩამოსულები, ნახეს, კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის იხილავს გულშემატკივარი რეაბილიტირებულ სტადიონს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამას დიდი ხანი არ დააგვიანდება. პირობა ძალაშია და ლანჩხუთის “გურიაც” აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას”, _ გვითხრა ბესიკ ტაბიძემ.
რაც შეეხება კითხვებს _ თუ რატომ დაინგრა სტადიონი, იყო თუ არა დასავლეთ ტრიბუნა ავარიული, სად წავიდა რკინის ნარჩენი საშენი მასალა, დღემდე პასუხგაუცემელია. ახლაც ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ტრიბუნა არ იყო დასანგრევი და მხოლოდ მცირედ შეკეთებას მოითხოვდა. ზოგიერთებს ისიც აეჭვებთ, ხომ არ მოხდა ამ კონსტრუქციის დანგრევა საკმაოდ დიდი ოდენობის ჯართის მითვისების სანაცვლოდ?
2012 წლის 25 ივნისით დათარიღებულ კონსტრუქციული კვლევის დასკვნაში, რომელსაც ხელს ვინმე თ. ლაზარიაშვილი აწერს, ვრცლადაა ასახული დასავლეთ ტრიბუნის იმდროინდელი მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დასკვნაში საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს, თავის დროზე, ნაჩქარევად აშენებული ობიექტის ხარისხს, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩასხმული ბეტონის ცუდი ხარისხის გამო, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას არ ჰქონდა სათანადო სიმკვრივე, მთლიანად ეროზირებულია იყო გარე ზედაპირები, მუშა არმატურები კოროზირებული გახლდათ, გრძივი შემკრავი რ/ბ რიგელების პილონებთან შეერთების კვანძები არაა სათანადოდ მოწყობილი, გრძივი შემკრებები რამდენიმე ადგილზე იყო შეღუნული, სუსტად გამოიყურებოდა ლითონის სვეტებისა და შემკრავების შეერთების კვანძები, ცუდადაა დამონტაჟებული ანაკრეფი რ/ბ ფილების ჩარჩოს რიგელებზე და ა. შ.
დასკვნაში წერია, რომ ნაგებობის მდგრადობის საერთო სურათის შეჯამებისას, ეს ნაგებობა იმყოფება არასაკმარისი მდგრადობის პირობებში და საჭიროებს გაძლიერებითი ღონისძიებების ჩატარებას”.
წინა ხელისუფლების ლანჩხუთელ მაღალჩინოსანთა თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღდგენითი სამუშაოების ნაცვლად ახლის აშენება არჩია:
“რადგან არ არსებობდა “გურიას” სტადიონის პროექტი, ვინაიდან თავის დროზე “გურიას” სტადიონი ფორსმაჟორულ ვითარებაში აშენდა, “თბილქალაქპროექტმა” გადაწყვიტა, ხელახლა დაეწყო სტადიონის გეოლოგიური კვლევებისა და კონსტრუქციების ხარისხიანობის შესწავლა, რისთვისაც მოწვეულნი იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებმაც დადეს დასკვნა. რაც შეეხება დასავლეთი ტრიბუნის აღდგენას, მას ესაჭიროებოდა რკინის დამატებითი კონსტრუქციებით გამაგრება, მაგრამ, ვინაიდან პროექტის თანახმად, ტრიბუნის ქვემოთ უნდა გაკეთებულიყო გასახდელები, საშხაპეები, სამსაჯო ოთახები, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურა, ეს კონსტრუქციები კი, ბუნებრივია, ხელს შეუშლიდა ამ ყველაფერს, გადაწყდა ძველის დაშლა და ახალი, რკინის კონსტრუქციის ტრიბუნის აშენება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია.
არსებობს შესაბამისი პროექტიც, როგორი ტიპის სტადიონის გაკეთება იგეგმებოდა და საამისოდ თანხას ცენტრალური ხელისუფლება გაიღებდა. პირველ ეტაპზე, 800 ათასი ლარი ჩამოირიცხა, რაც საპროექტო სამუშაოებზე, გეოლოგიურ გამოკვლევაზე, საინჟინრო-ტექნიკურ კვლევაზე, ტოპოგეოდეზიური ნახაზების შედგენასა და “გურიას” სათადარიგო სტადიონზე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელებას მოხმარდა”.
მათივე განმარტებით , გარდა იმისა, რომ არსებობდა შესაბამისი დასკვნა ნაგებობის არამდგრადობასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იყო, რომ “გურიას” სტადიონი უეფას სტანდარტებში ჩამჯდარიყო:
“ეს სტადიონი უნდა გადაკეთებულიყო უეფას სტანდარტების შესაბამისად, რაც ნაცვლად 30 ათასისა, გათვლილი იქნებოდა რვა ათას გულშემატკივარზე და რომც არ ყოფილიყო იქ კოროზიული პროცესები დაწყებული, მისი რეკონსტრუქცია ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სტადიონი ისე არ დაშლილა, როგორც დღეს ბევრი ამას ამბობს _ თითქოს ყოფილ გამგებელს მოუნდა და დაშალა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში “გურიას” ახალი სტადიონის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრებულიყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროში საამისოდ სამ მილიონნახევარი ლარიც იყო გამოყოფილი. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა და ამ თანხას ლობირება სჭირდებოდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემ, თავის დროზე, დაურეკა მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს და სთხოვა, მისულიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. როგორც ჩანს, ასე არ მოხდა და ეს თანხა შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა წაიღო”.
ავტორი