25 მარტს ოზურგეთის დრამატულ თეატრში პრემიერა “მესაზღვრე შაშვების“ ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლში დმანისის და ოზურგეთის თეატრების მსახიობები მონაწილეობენ, რომელთა მიერ შესრულებული როლები მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება.
“მესაზღვრე შაშვები“ ცნობილი ამერიკელი მწერლის ნ. საიმონის ნაწარმოების ,,ბილოქსი ბლუზის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლია, რომლის რეჟისორია ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა. (ადაპტირებული პიესის ავტორი ნინია სადღობელაშვილი).
სპექტაკლი ,,მესაზღვრე შაშვები“, ომისა და ოკუპაციის თემას ეხება. სამხედრო ამბავი რეზერვისტი ბიჭების ისტორიას გვიყვება, რომელთა ცხოვრების სტილი, პროფესია, შეხედულებები წარმოუდგენლად აქცევს საკითხს, თუ როგორ შეიძლება ისინი წავიდნენ ჯარში, ემსახურონ ქვეყანას და შეცვალონ მათი ცხოვრების ძირითადი მიმართულება. აღნიშნული საკითხი სამხედრო ამბავს საკვირველ მოვლენად აქცევს. მათ მოუწევთ ისწავლონ, განიცადონ, დაიცვან საკუთარი ღირსება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი თავი აქციონ თავგანწირვისა და გმირობის უშრეტ წყაროდ.
ამბავი, რომელიც ყველა დროისთვის აქტუალურ თემას, ომს ეხება, რომელსაც არ აქვს საზღვრები, შეგვახსენებს, რომ ,,ჯარისკაცად არავინ იბადება, ჯარისკაცებად მხოლოდ კვდებიან“.
სპექტაკლში, ასევე, კარგად ჩანს, როგორ იცვლება ექვსი ახალგაზრდის ცხოვრება და აუხდენელი რჩება მათი ოცნებები.
სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
სპექტაკლზე მუშაობდნენ: მხატვარი _ თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება _ მანანა კიკაბიძე; რეჟისორის ასისტენტები _ მაკა მამულაშვილი, გიორგი ბაბილოძე;
ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე; ნიკა ძნელაძე; ჯაბა მორჩილაძე; ირაკლი ურუშაძე; გიორგი ჩავლეშვილი.
დმანისის თეატრის მსახიობები: ანა ბანძელაძე; გიორგი გიორგიძე; გია საგინაშვილი; დათო ჩოგოვაძე.
სპექტაკლის დასასრულს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, 2023 წლის ბოლო თვეს ოზურგეთის თეატრი დმანისის თეატრის დადგმულ სპექტაკლებს უმასპინძლებს.
ავტორი